მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან, სადაც სპეციალური ბლოკპოსტია მოწყობილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი იმყოფებოდა.
სესიაშვილი არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. როგორც მან განაცხადა, 5 ჯარისკაციდან, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მარნეულის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა დეპუტატის თქმით, სავარაუდოა, რომ კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდება.
„მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი. ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოლური წესით, მოახდინა ყველა ამ წესის დაცვა. ისინი არიან იზოლირებული, ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ორი მათგანი აქ იყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ მათ არ დაუდასტურდებათ“, - განაცხადა სესიაშვილმა.
მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ მედიასთან მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეების თერმოსკრინინგით შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. მათ, ვისაც საეჭვო სიმტპომები აღენიშნებათ, სწრაფი ტესტირება უტარდებათ.
„სკრინინგის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს პირველი საათი მონაცემებით შემოწმდა 3 ათასი ადამიანი და აქედან არც ერთს არ აღენიშნებოდა ტემპერატურა. პროცესი გრძელდება. 4 საათზე გვექნება შემდეგი შედეგი და 6 საათზე გვექნება შეჯამება. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ჯამში 50 ათასი ადამიანის შემოწმება მოხდება“, - განაცხადა ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, მარნეულის შესასვლელთან უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია. მოქალაქეებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, შემოწმება უტარდებათ. ასევე დეზინფექცია უტარდება ყველა ავტომობილს.