logo
ENG



ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ტესტებიც უვარგისი იყო, ანულირებულია - ტიკარაძე

27 მარ 202013:44
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სწრაფი ტესტების შესყიდვა ხდებოდა, გააუქმა. 

მინისტრის განმარტებით, თავად კომპანია "Shenzhen Bioeasy Technology"-მ უვარგისი ტესტები ყველა ქვეყნიდან გაიწვია. ტიკარაძის თქმით, საქართველოში შემოტანილი ყველა სწრაფი ტესტი სანდოობაზე სპეციალურ შემოწმებას გადის. 

"ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა ტესტებთან დაკავშირებით. კომპანია "Shenzhen Bioeasy Technology"-მ იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ჰქონდა გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, რომ ნებისმიერი ახალი ტექსტი გადის გარკვეულ დაკვირვებას. ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის შემოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით. აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მათი მცდარი დიაგნოსტიკა", - განაცხადა ტიკარაძემ. 

კითხვაზე - გადაირიცხა თუ არა თანხა კომპანიის ანგარიშზე, საქართველოში შემოსული ტესტების სანაცვლოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ თანხა არ გადარიცხულა, რადგან შემოტანილი ტესტები სატესტო იყო. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საქართველო მოლაპარაკებებს უკვე ახალ კომპანიასთან აწარმოებს.  

"თანხა ამ კომპანიაში არ გადარიცხულა. ხელშეკრულება ანულირებულია. გვაქვს მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან. რომელთანაც ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით, გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2 ათასი ტესტი. თუ ტესტების სანდოობა იქნება მაღალი, მოვახდენთ დამატებითი ტესტების შეძენას. მუდმივ რეჟიმში ვაკეთებთ მუდმივ გადაზღვევას", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 


close დახურვა