სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები 29 მარტიდან გამკაცრდა. პოლიცია ზუგდიდსა და ფოთში შემსვლელ ყველა მოქალაქეს ამოწმებს. ტერიტორიაზე მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები. სამეგრელოში მკაცრად კონტროლდება ადამიანების, როგორც ფეხით, ისე ავტომანქანით გადაადგილება.
ზუგდიდში უწყებათაშორისი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. სამეგრელოს გუბერნატორს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. საგანგებო თათბირის შემდეგ გაირკვა, რომ საპოლიციო ძალებს რეგიონში საგანგებო სიტუაციით დაწესებული შეზღუდვების კონტროლში თავდაცვის სამინისტროს ძალებიც დაეხმარებიან.
მოქალაქეებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება, იკრძალება სამ კაცზე მეტის ერთად შეკრება, ავტომანქანით 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა.
იგივე შეზღუდვები მოქმედებს ფოთშიც. საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე როგორც ზუგდიდში, ასევე ფოთის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს.
31 მარტიდან, შეზღუდვები რომელიც უკვე მოქმედებს სამეგრელოს რეგიონში - ამოქმედდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა კომენდანტის საათიც.