შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალური მონაცემების გაჟონვის საკითხს იძიებს. საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, გარდაცვლილების პერსონალური ინფორმაცია, ამომრჩევლის სრული სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, - ინტერნეტში ჯამში - საქართველოს 5 მილიონამდე მოქალაქის პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე აიტვირთა. ვინც ეს ინფორმაცია განათავსა, ირწმუნება, რომ მონაცემები ცესკოს სერვერიდან ამოიღო,თუმცა უწყება ცესკოს სერვერზე შეღწევას უარყოფს.
5 მილიონამდე მოქალაქის პირადი მონაცემები ჰაკერების ფორუმზე ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაცია შენიშნა და მედიას აცნობა. გამოცემა ბაზას არ ასაჯაროებს, თუმცა მტკიცებულების სახით აქვეყნებს ფოტოს, სადაც ქართულ ენაზე მისამართები წერია.
სახელმწიფო სამსახურების სერვერებზე შეღწევის მცდელობა პირველი შემთხვევა არ არის, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა ოფიციალური განცხადებებით გვითხრეს, რომ კიბერ სისტემა სუსტი გვაქვს, რითიც რუსეთმა ისარგებლა. ამ შემთხვევაშიც ექსპერტები სწორედ რუსეთის კვალზე მიგვანიშნებენ.
ოპოზიცია ხელისუფლებას კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის არ არსებობაზე მიუთითებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2017-2018 წლის დოკუმენტს ვადა გაუვიდა და 4 თვეა ქვეყანა სტრატეგიის გარეშეა. ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და გამოძიებაში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას ითხოვენ.
ჰაკერების მიერ გატაცებულ ბაზაში რიგით მოქალაქეებთან ერთად შესაძლოა იყოს სამხედროების, პოლიციელების და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემები. სპეციალისტების თქმით, იმ პირობებში კი როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია პირადი მონაცემების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.