logo
ENG



249 ძაღლი და 4 დათვი - თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა თავშესაფრის გაჩუქებას გეგმავს

08 სექ 202013:02
3 წუთის საკითხავი
 
roa1selymqsiqzr.jpg

თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა თავშესაფრის გაჩუქებას გეგმავს.

თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე წერია, რომ ჩუქდება თავშესაფარი 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად.

ხოლო შენობა-ნაგეგობის და მიწის საერთო ფასი 1 350 000 ლარია.

"გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა (ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან).

მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან". - წერია ფეისბუქ-გვერდზე.

თამაზ ელიზბარაშვილმა ფორმულანიუსს უთხრა, რომ გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო, რომელიც მას, თავის მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გამო შეექმნა.

"17 წლის განმავლობაში ჩემი ჯიბიდან ვაჭმევდი ამ ცხოველებს. ამ ხნის განმავლობაში 30 ათასი ძაღლი მოხვედრილა ჩემს თვშესაფარში: თოფით დაჭრილი, ცულით, დანით. უმეტესობა გამოვაჯანმრთელე. ვუკეთებდი ოპერაციებს და ვმკურნალობდი ოპერაციის შემდგომ პროცესში. ნაწილი გავაჩუქე, ნაწილი ქუჩას მივაკედლე. მაგრამ დიდი ტანის ძაღლებს: ქართულ, გერმანულ, აზიურ ნაგაზს ქუჩას ვერ მივაკედლებ. დიდი საშიშროებაა მოსახლეობისთვის, ამასთან, მას მოკლავენ, შეეშინდებათ მათი.

არც მთავრობას, არც კერძო სექტორს დახმარება არ გაუწევია და არც მჭირდებოდა. მაგრამ კორონავირუსის გამო ჩემი ბიზნესების ნაწილი გაჩერდა, აქედან გამომდინარე, შემოსავლებიც შემცირდა და 249 ძაღლს და 4 მურა დათვს საჭმელს ყოველდღე ვეღარ ვაჭმევ. მხოლოდ 3 დღეში ერთხელ ვახერხებ. თუ ასე გაგრძელდა, ამასაც ვერ შევძლებ. 20 800 ლარი მიჯდება თვეში ცხოველების მოვლა, კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯები. ამას უკვე ვეღარ ვახერხებ. ძაღლები დაიხოცებიან შიმშილით და მეც გადავყვები ამას". - გვითხრა ელიზბარაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გაჩუქების შესახებ განცხადება გაავრცელა, არაერთმა მსურველმა დაურეკა, თუმცა, როგორც ამბობს, ძაღლების მოვლის პირობა მხოლოდ მაქსიმუმ 2 წლით აიღეს, რაც მისთვის მიუღებელია. თავშეფარის გაჩუქების პირობა ცხოველების მოვლაზე პასუხისმგებლობის 10 წლით აღებას ითვალისწინებს.

ელიზბარაშვილი ამბობს იმასაც, ხელისუფლების წარმომადგენელმა ძაღლების ევთანაზია შესათავაზა.

"ჩემი გადარჩენილი და ნამკურნალები ძაღლები, როპმლებსაც ვიღაცა არაკაცმა თოფი ესროლა და ვერც გავაჩუქე, რადგან დიდი ტანის ძაღლია, იმიტომ, რომ საქართველოში მხოლოდ ლეკვების წაყვანა სურთ - მე ამ ძაღლებს ვერ დავხოცავ".


close დახურვა