logo
ENG



24 წლის ქალი კრივში ევროპის ჩემპიონს ძალადობაში ადანაშაულებს

28 ოქტ 202312:34
3 წუთის საკითხავი
 

24 წლის ქალი კრივში ევროპის ჩემპიონს, გიორგი ყუშიტაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. ფორმულასთან ის ძალადობას დეტალურად იხსენებს, რომლის კვალიც სხეულზე ამ დრომდე ეტყობა.

სასამართლომ ყუშიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

როგორც ქალი ფორმულასთან ყვება დაზიანებები გიორგი ყუშიტაშვილმა 23 ოქტომბერს მანქანაში მიაყენა. იგი ყვება იმაზეც, რომ ძალადობის შემდეგ მას ნაცნობები უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მომხდარზე არ ესაუბრა და რომ გიორგი ყუშიტაშვილს კრივის ფედერაციაში მფარველობენ.

"მისი კორპუსის წინ, მის მანქანაში მთხოვდა, რომ ავსულიყავით სახლში, მაგრამ მე ვიძახებდი ტაქსის და მინდოდა სახლში დაბრუნება. ამ დროს რამდენჯერმე მქონდა ტაქსის გამოძახების მცდელობა, რამდენჯერმე გამაუქმებინა თხოვნის სახით. როდესაც საბოლოოდ გამოვიძახე ტაქსი, ამ დროს მოგვივიდა შელაპარაკება მესამე პირის თაობასთან დაკავშირებით. ვუთხარი თუ ის ვერ მოაგვარებდა პრობლემას, მე მოვაგვარებდი. მას ეგონა, რომ ამ გოგონას მაშინვე ვწერდი, რადგან ტელეფონი ავიღე მხოლოდ და მხოლოდ ტაქსის შესამოწმებლად. აფეთქდა, მეცა თმაში, მიმარტყმევინა თავი სავარძლის თავის მისადებზე. მანქანიდან გადადიოდა, როცა ვუთხარი, რომ ვაჩვენებდი ქალზე ძალადობა როგორ უნდა და ავკრიფე 112.

მოვიდა [მანქანის] კარები გამომიღო, 112-ის ოპერატორსაც, დარწმუნებული ვარ, ესმოდა, როგორ ვემუქრებოდი, რომ ელექტროშოკი მქონდა გამზადებული და ვეუბნებოდი, არ მომკარებოდა", - ამბობს ქალი.

მისივე თქმით, მოკრივემ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა და ხრეშიან გზაზე რამდენიმე მეტრი ათრია, ამის შემდეგ კი მუცელში ფეხი ჩაარტყა.

სპორსტმენის მიმართ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით კრივის ფედერაციას განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.


close დახურვა