logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მილიონ 300 ათასს უახლოვდება

06 აპრ 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მილიონ 300 ათასს უახლოვდება. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 70 ათასს აჭარბებს. დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით შეერთებული შტატები კვლავ პირველ ადგილზეა. თუმცა იტალიისა და ესპანეთის მაგალითი დონალდ ტრამპისთვის იმედისმომცემი გახდა, რომ პანდემიას შეერთებული შტატებიც მალე დაძლევს.

ავსტრიამ საკარანტინო ზომების შემსუბუქება გადაწყვიტა. დიდი ბრიტანეთი კი პირიქით მის გამკაცრებას ფიქრობს. 

ბრიტანეთის პრემიერი ლონდონის კლინიკაში რჩება. ბორის ჯონსონს 10 დღიანი მკურნალობის მიუხედავად კვლავ სიცხე აქვს, თუმცა მუშაობას კლინიკიდან განაგრძობს. პრემიერი თავს კარგად გრძნობს და სოციალური ქსელიდან მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩეს. 

ბრიტანეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს საკარანტინო ზომების გამკაცრებას, რადგან მოსახლეობის ნაწილი რეგულაციებს არ ასრულებს. შოტლანდიის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს თანამდებობის დატოვებაც მოუხდა, რადგან საკუთარი ბრძანება თავადვე არ შეასრულა და  აგარაკზე გაემგზავრა. ფოტოები კი შოტლანდიურმა პრესამ გამოაქვეყნა. საკარანტინო წესების დაცვა იყო დედოფლის ტელემიმართვის მთავარი გზავნილიც. ელისაბედ მეორის ტელემიმართვას რეკორდული რაოდენობის 24 მილიონი  მაყურებელი ჰყავდა. 

პანდემიის ყველაზე ცხელ წერტილებში იტალიასა და ესპანეთში ბოლო 4 დღეა კოვიდ 19 ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იკლო. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით მთელი ქვეყნის მასშტაბით კლინიკებიდან უკვე 40 ათასი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. ავსტრიამ საკარანტინო ზომების შემსუბუქება გადაწყვიტა და აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მცირე ბიზნესს მუშაობის განახლების ნება დართო, თუმცა უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით. 

იტალიისა და ესპანეთის ბოლო მონაცემებმა შეერთებულ შტატების პრეზიდენტს ოპტიმიზმის საბაბი გაუჩინა. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ დაავადების შემთხვევების რიცხვი ამერიკაშიც დაიკლებს. დღეს შეერთებულ შტატებში კოვიდ19-ის  336 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  9 ათას 620 გარდაიცვალა. 

პრეზიდენტის პროგნოზს არ ეთანხმება ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი, რომელიც ეპიდემიის მოკლე ვადაში დასრულებას არ ელის.  ფაუჩი არ ემხრობა არც მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებას კოვიდ 19-ით დაინიფიცირებულთა სამკურნალოდ. დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ახალი ვაქცინის შექმნას ვერ დაელოდება. 


close დახურვა