მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ბაზრებზე მომუშავე ადამიანების უმრავლესობისთვის გარევაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, ადამიანები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.
გარემოვაჭრეების ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ მთავრობა მათ ფინანსურად დაეხმაროს, ვინაიდან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ბაზარში მუშაობა და პროდუქტის რეალიზაცია იყო. მათი განცხადებით მათ ბანკის ვალები აქვთ აღებული და ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ივნისის თვეში ვეღარ შეძლებენ. რაც შეეხება პროდუქციას, რომელიც მოვაჭრეებმა დღეს სარეალიზაციოდ გამოიტანეს, მალფუჭებადია, რაც მათთვის სერიოზული ზიანის მომტანია.
ბაზარში მომუშავე ადამიანებს არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, როდის განაახლებენ მუშაობას. პირველადი ინფორმაციით კი ეს სავარაუდოდ 21 აპრილს მოხდება. მოაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ ბაზრების დახურვასთან დაკავშირებით ისინი წინასწარ არ იყვნენ გაფრთხილებულები.
„10 ცალი ყვავილი მედო და გამიშვეს სახლში. პური არ მაქვს, რომ შევუტანო ბავშვებს. წამლის ფული არ მაქვს, რომ ვიყიდო“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ქალი.
ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიციელები. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გადაკეტილი აქვთ გზის სავალი ნაწილი და ავტომობილებს ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
თბილისის მერიამ აგრარული ბაზრების დაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ გვიან საღამოს მიიღო, დღეს კი უკვე ბაზრების დაკეტვის პროცესი მიმდინარეობს.