ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას ხვალიდან სახლების დატოვება ეკრძალება. გამონაკლისი გადაუდებელი აუცილებლობა, მათ შორის სამედიცინო დახმარების მიღება, ასევე მედიკამენტებისა და პროდუქტების შეძენაა.
ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებაც არის საუბარი. დამატებითი შეზღუდვების 2-ჯერ დარღვევის შემთხვევაში პირებს 3 ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ოკუპირებულ გაგრაში ამ დრომდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში რეალურად საკმაოდ მძიმეა. დავითაიას თქმით, ექიმები არ არიან შესაბამისად მომზადებულები, კლინიკები არ არიან სპეციალური ტექნიკით აღჭურვილები და საქმეში ვეტერინარების ჩართვაც კი გახდა საჭირო.
"არ ჰყავთ ექიმები და არ აქვთ ჯანდაცვის ის სისტემა, რომელიც გაუმკლავდება ამ ყველაფერს. ამის ნათელი მაგალითია როდესაც ქართულმა მხარემ გადასცა ქართულ მოსახლეობას, რომელიც იქ არის პირბადეები და ხელთათმანები. უცებ შეიარაღებული ჯგუფი ჩამოვიდა, წაართვა ეს ყველაფერი ქართველებს და წაიღეს სოხუმში. ეს ცხადყოფს იმას, თუ რა მძიმე სიტუაცია არის შექმნილი. მთავარი ექიმები პირდაპირ ამბობენ, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა და მათ არ გააჩნიათ არანაირი მეთოდი ებრძოლონ ვირუსს. საინტერესოა მაგალითად ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება, სადაც წერია, რომ ვეტერინარი ექიმები არიან ჩართული ამ ბრძოლაში. რუსეთმა უარი თქვა დახმარება, ჩაკეტა საზღვარი და ერთადერთი იმედი, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ ეს არის საქართველოს ხელისუფლება", - აღნიშნა დავითაიამ.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი კი, ზომების გამკაცრებას, მოსახლეობის მხრიდან მანამდე დაწესებული შეზღუდვების არ გათვალისწინებას უკავშირებს. კანაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში სისტემური პრობლემებია, რომლებმაც თავი ახლა განსაკუთრებით იჩინა.
"ძალიან უცნაურია, თუმცა ახსნა აქვს, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც სულ 2 ადამიანია ინფიცირებული ოფიციალურად. ისინი, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ ტესტირების საშუალება, ფიქრობენ, რომ უფრო ბევრი ადამიანია დაავადებული, რაც სრულიად რეალისტურია, იმ ნაკადიდან გამომდინარე, რაც ფსოუდან, ანუ რუსეთიდან შემოდიოდა. ასევე არის სისტემური პრობლემა, რომელმაც ახლა იჩინა თავი აფხაზეთში ბოლო წლების განმავლობაში გაბატონებულმა დამოკიდებულებამ კანონთან მიმართებაში. ანუ ის შეზღუდვები რომელიც თეორიულად არსებობდა არ სრულდებოდა, ამიტომ ზომების გამკაცრება მოუწიათ", - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.