logo
ENG



კონსტიტუციონალისტი: საგანგებო მდგომარეობა ივნისის პერიოდშიც რომ გაგრძელდეს, მოსწრებადია არჩევნები

13 აპრ 202010:48
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არჩევნების ოქტომბერში ჩატარებას საფრთხეს არ უქმნის - როგორც მოსალოდნელი იყო, 21 მარტს ერთი თვით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე საუბარი უკვე დაიწყო.

როგორც კონტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ფორმულასთან“ აცხადებს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების პროცედურები არ იცვლება.

„პროცედურები იგივეა, რაც სჭირდება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ანუ პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერი ამ წინადადებას გაგრძელების შესახებ. თუ პრეზიდენტის გადაწყევტილება დადებითი იქნება, შემდეგ ეგზავნება უკან კონტრასიგნაციისთვის  პრემიერს და საბოლოოდმ, ბრძანება მიდის პარლამენტში, სადაც მას დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება“, - განაცხადა მენაბდემ.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია კი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა ივნისის პერიოდშიც რომ გაგრძელდეს, არჩევნების ჩატარება მოესწრება.

„საგანგებო მდგომარეობის დროს, გარდა თავისუფლების შეზღუდვისა, ორი მნიშვნელობა შეზღუდვაა - კონსტიტუციის განხილვის შეჩერება და მეორე, ეს ეხება არჩევნებს. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსტიტუციის ცვლილების პროცესი. საგანგებო მდგომარეობა ივნისის პერიოდშიც რომ გაგრძელდეს, მოსწრებადია არჩევნებიც და კონსტიტუციის ცვლილებაც“, - აცხადებს ჩოკორაია. 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. 

ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს მოხდა.


close დახურვა