logo
ENG



25 ივნისს ეს ამბები არ უნდა გამოტოვო

25 ივნ 202009:21
3 წუთის საკითხავი
clock 1543
lh747kl6yqm0tla.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 25 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

რამ წააქცია ხე თამარაშვილზე?

თამარაშვილის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე მათგანს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ. ხეჩინაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმის, ირაკლი რიჟამაძის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულ კაცს კეფის არეში ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა, ქალს კი კისრის არეში დაჟეჟილობა. სამივე მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერილია. 

ხის წაქცევის 2 სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი და გადაჭრილი ფესვები სახელდება. თამარაშვილის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, აქტივისტები მერიას ხეებთან არასწორი მუშაობის შესახებ თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ. „იგივე იქნება ყველგან, სადაც იდიოტი კალაძე აკეთებს რეაბილიტაციას," - განაცხადა ფერაძემ. 

ადგილზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც მივიდა. გიორგი აბუთიძემ მედიასთან ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი დაასახელა. „არ ვარ ამის სპეციალისტი. შესაძლოა, ძლიერმა ქარმა წააქცია. დაველოდოთ სპეციალისტების დასკვნას," - აღნიშნა მან. 

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ 

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ისევ დაუდგენელია, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა ახალი დეტალები ამ ეტაპისთვის არ იკვეთება. შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ადასტურებს ფოტოგრაფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხელკეტების არსებობის შესახებ, თუმცა ამბობს რომ მისთვის უცნობია მიაყენეს თუ არა ხელკეტებით უშუალოდ შაქარაშვილს დაზიანებები. ასევე უცნობია, ნაპოვნია თუ არა საქმეში არსებული ხელკეტები გამოძიების მიერ. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება - გამოძიებას ჯერ არავინ დაუკავებია.

 

კალაძე ოპონენტებს ცხვირ-პირში მუშტით ემუქრება 

ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. ამ სიტყვებით კახა კალაძე ოპონენტებსა და მედიის წარმომადგენლებს ემუქრება. კალაძე დღეიდან ე.წ ფეიკ ნიუსებთან საბრძოლველად ახალი პროექტის დაწყებას აანონსებს. როგორც ქალაქის მერი ამტკიცებს, ის ცრუ ინფორმაციებს რეალურ ფაქტებს დაუპირისპირებს. 

კალაძე: ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი

24 ივნ 202022:19 .

 

ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

პლენუმის სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევენ. თანამდებობაზე მერაბ ტურავას და ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა განიხილება. არჩეულმა თავმჯდომარემ პლენუმის 9 წევრისგან არანაკლებ 5 ხმა უნდა მიიღოს. არასამთავრობო ორგანიზაციები ტურავას გამარჯვებას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ის კლანის კანდიდატია. 

 

სოციალური აგენტების გაფიცვა

სოციალური აგენტები გაფიცვას აპირებენ და ჯანდაცვის სამინისტროს დროს ორშაბათამდე აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მოადგილე მათ ხელფასების გაზრდას დაპირდა, სოცაგენტებს მოსალოდნელი გაფიცვის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ. ისინი ყვებიან, რომ მათი ფიქსირებული ხელფასი 80 ლარია, უფროსი სოციალური აგენტების კი დაახლოებით - 350. თუშეთის რაიონული განყოფილების უფროსი სოციალური აგენტი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მათი მიზანი რადიკალური მოქმედებები არ არის, თუმცა სააგენტო მათ სხვა გზას აღარ უტოვებს. 

 

პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

მთავრობა წლის ბოლომდე განახლებული დოკუმენტით 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ანტიკრიზისული არ არის რადგანაც ბიუჯეტის მიხედვით ეკონომიკის გაზრდისა და დახმარებების გაცემა არ ხდება. დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულია ამბობს, რომ თანხების საკმარისი რაოდენობის არ არსებობის გამო დახმარებები, რომელიც ჩადებულია ბიუჯეტში, ყველასთვის საკმარისი არ არის. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

917 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 776 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 258 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2744 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 9.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 5.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 485 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 58 000-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია. ინფიცირებულთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ყოველდღიურად კვლავ ბრაზილიაში ვლინდება. . ქვეყანაში დღის განმავლობაში კოვიდინფექციით 1103 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ვირუსი 41 ათასამდე პაციენტს დაუდასტურდა. 

 

ანჯეი დუდას ვიზიტი თეთრ სახლში

პოლონეთის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა. ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთი საქართველოს და უკრაინას თავს დაესხა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთების ყოფნა პოლონეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტია. 

დონალდ ტრამპმა ამავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გერმანიიდან სამხედრო დანაყოფების ნაწილის პოლონეთში გადაყვანას გეგმავს, რაც რუსეთისთვის მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. პოლონეთის პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც თეთრ სახლს კორონავირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ ესტუმრა. 

 

3 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას უკრაინაში

ძლიერი წვიმის შედეგად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში 187 დასახლება დაიტბორა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დრომდე დატბორილია 5 ათასამდე საცხოვრებელი სახლი და დაზარალებული რეგიონებიდან ევაკუირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დამატებით ოთხი ვერტმფრენი, ერთი თვითმფრინავი და 150 ჯარისკაცია გაგზავნილი. 


close დახურვა