logo
ENG



გახარია: ოთხი ქალაქის ჩაკეტვა მსხვილ ქალაქებში მობილურობის მაქსიმალურად შეზღუდვას ემსახურება

14 აპრ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 15 აპრილიდან ათი დღით ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი იკეტება.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზანი მსხვილ ქალაქებში მობილურობის შემცირებაა და თუ ეს 10 დღით არ იქნება საკმარისი , მაშინ სახელმწიფო შესაბამის ზომებს გადადგამს. 

„ოთხი ქალაქის 10 დღით ჩაკეტვით ვაღწევთ ერთადერთ მიზანს - მსხვილ ქალაქებში მობილურობის მაქსიმალურად შემცირება, შეზღუდვა. თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის 10 დღით ჩაკეტვას სხვა მიზანი არ აქვს. თუ ვნახავთ, რომ ეს არ იქნება საკმარისი და ამას შემდგომი ნაბიჯები დასჭირდება რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებსაც მივიღებთ. 

ჩვენ არ ვართ მდიდარი ევროპული დასავლური ქვეყანა. ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აქვს ფასი. თითოეულ შეზღუდვას თავისი ეკონომიკური ფასი აქვს, თუმცა მეორე მხარეს ადამიანის ჯანმრთელობაა, როგორც ფასეულობა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი და ნაბიჯ-ნაბიჯ იქ სადაც საჭიროა გავამკაცროთ. ზუსტად ასეთი სტრატეგია გვექნება როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის გახსნას. 

2 ფრონტი გვაქვს: ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკის, სამუშაო ადგილების და ქართული ოჯახების შემოსავლები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


close დახურვა