logo
ENG



თეოლოგი: საპატრიარქოს სურს ან 25 მილიონის ნაცვლად 49 მიიღოს, ან პატრიარქს უნდა ბოლო წლები გმირულად გაატაროს

16 აპრ 202011:19
3 წუთის საკითხავი
 

რატომ არ ითვალისწინებს მასშტაბურ საფრთხეს საქართველოს საპატრიარქო და რატომ ტოვებს უცვლელად აღდგომის ლიტურგიის რიტუალს - თეოლოგები საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

ამასთან, ისინი ვირუსის გავრცელების ახალი კერის შექმნაში, მთავარ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი ექიმების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მათი განცხადებები არათანმიმდევრული იყო.

"გადაწყვეტილება რომ მათ არ სურთ კომენდანტის საათი დაარღვიონ ნათლად აჩვენებს რომ არც საპატრიარქოს და მთავრობას არ სურს კონფლიქტში შესვლა ორის ორი ფაქტორი - ან ფასია ძალიან დიდი და საპატრიარქოს სურს ყოველწლიურად 25 მილიონის ნაცვლად მიიღოს 49 მილიონი ან საერთოდ ვაჭრობა არ ეხება ამ საკითხს და პატრიარქს სურს, რომ თავის სიცოცხლის ბოლო წლები რაღაცნაირად გმირულად გაატაროს", - აღნიშნა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება. მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. 

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 

 

 

 


close დახურვა