ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება სრული კარანტინის გამოცხადების საკითხსაც განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. მისივე განცხადებით, თუკი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება მოქალაქეებს მხოლოდ მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა.
„საყოველთაო კარანტინი გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, ამ მესიჯში დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება, გასვლის მიზანი და ტრაექტორია, რაც გასავლელი აქვთ. როგორც იცით, ჩვენ ვმუშაობთ აპლიკაციაზე და გარკვეულწილად ამ აპლიკაციაში განიხილება ეს კომპონენტი, რადგან მას სხვა ქვეყნები წარმატებულად იყენებენ,“- განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ სრული კარანტინის გამოცხადება საჭირო არ იქნება, რადგან მოქალაქეები მაღალ სოციალურ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.
„რაც შეეხება ამ აპლიკაციას, ეს გარკვეულწილად იძლევა მეტი კონტროლის საშუალებას ჩვენი მხრიდანაც და სრულ კარანტინსაც, რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ. ამას ვაჟღერებთ კიდეც, რომ საჭიროების შემთხვევაში, სრული კარანტინიც აუცილებლად იქნება. მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენ არ დაგვჭირდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,“ - განაცხადა მინისტრმა.
სრული კარანტინი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქეების გადაადგილებას ზღუდავს. ადამიანებისთვის გადაადგილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, თუ მათ საკვები ან სამედიცინო პროდუქტების შეძენა დასჭირდებათ.
სრული კარანტინი საქართველოს რამდენიმე რეგიონში კერძოდ, მარნეულში, ბოლნისში და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოქმედებს. ქალაქების შესასვლელებში განთავსებულია ე.წ. გამშვები პუნქტები და მოსახლეობას ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში, ქალაქიდან გამოსვლა სრული კარანტინის დასრულებამდე არ შეუძლიათ.
კანონის თანახმად, კარანტინის წესების დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 3000, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.