სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს. ამის შესახებ უწყების წლიურ ანგარიშში წერია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
უსაფრთხოების სამსახური აქციის მონაწილეების ქმედებებს აგრესიად და ძალადობად აფასებს.
„აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის“,- ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ პრობლემად სუს-ი ოკუპაციას ასახელებს. ოფიციალური ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ საქართველოს 113 მოქალაქე დააკავეს.
„საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით. საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე წარმოებდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც გამოიხატებოდა როგორც მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით", - აღნიშნულია ანგარიშში.