logo
ENG



ბასილ კობახიძე: ანაფორიანი არამზადები, კათოლიკოს პატრიარქის ხელმძღვანელობით არიან ტერორისტები

16 აპრ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს გადაწყვეტილებასა და ასევე მეუფეების დღევანდელ განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, ამან ქვეყანა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანოს.

დეკანოზი თამაზ ლომიძე აცხადებს, რომ ქვეყანაშ პანდემიის საშიშროება კარგად არაა შეფასებული და საბოლოო შედეგები რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.

„მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ეკლესიამ სათანადოდ ვერ შეაფასა შექმნილი პანდემიის საშიშროება, გლობალური კატასტროფის რისკები. ჩვენი ქვეყანა მიექანება უფსკრულში. შედეგები საბოლოოდ გამოჩნდება რამდენიმე კვირაში, მაგრამ გვიან იქნება. ერთის მხრივ, სახეზეა ძალაუფლების გამოვლენის სურვილი და მეორეს მხრივ, არის ფანატიკურ დაჯგუფებათა ზეწოლის შედეგი“, - აცხადებს ლომიძე.

ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს თეოლოგი ბასილ კობახიძე. 

„არის კატასტროფული მდგომარეობა და ახლა მოსახლეობას ხელისუფლებამ უნდა უშველოს. არ უნდა იკეკლუცოს მკვლელი ეკლესიის კაპრიზების წინაშე. ახლა ადამიანების სიცოცხლის გარდა, მნიშვნელობა არაფერს აქვს. შორს მიდის საპატრიარქო, მიტროპოლიტ იობის მყრალი პირით გავიმეორებ - ექიმებს არ დაუჯეროთ და კარანტინი დაარღვიეთ. ეს ნიშნავს, რომ ანაფორიანი არამზადები, კათოლიკოს პატრიარქის ხელმძღვანელობით არიან ტერორისტები, რომლებიც პანდემიის დროს ხალხს ხოცავენ. სახელმწიფომ დღესვე უნდა გამოაცხადოს სამხედრო კარანტინი“, - აცხადებს ლომიძე.

მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე კი აცხადებს, რომ კიევში ხალხის ლავრაში მისვლამ კატასტროფული შედეგები გამოიწვია. 

„ჩვენი ლავრის წინამძღოლი კარანტინის მიუხედავად, მოუწოდებდა ხალხს მისულიყვნენ ლავრაში ტაძარში. ამან გამოიწვია უმძიმესი შედეგი, გამოიწვია 3 ბერის გარდაცვალება. 130-მდე სტუდენტია დაინფიცირებული ლავრაში. უკონტროლო გავრცელება დაიწყო ლავრიდან. ღმერთმა არ განახოთ რაც კიევში ხდება. ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ჯიბრით ქრისტიანობა, ქრისტიანობა არაა“, - განაცხადა მღვდელმონაზონმა.

 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

 


close დახურვა