საქართველოში ნდობის მაღალი მანდატის მქონე ინსტიტუციამ საკუთარი გავლენა მრევლისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად არ გამოიყენა. საპატრიარქო და ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, - პანდემიის აფეთქების პიკში აღდგომის ლიტურგიას და ეკლესიაში შეკრებას კანონით გათვალისწინებული აკრძალვები არ შეეხება. კათოლიკოს პატრიარქისა და სინოდის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის დაინფიცირების პიკურ ფაზაში მრევლს ცხრა საათით ერთად შეკრებენ და ერთი კოვზის გამოყენებით აზიარებენ, ეს კი მედიკოსების თქმით, დამღუპველი იქნება.
რელიგიური დღესასწაულების დასრულების შემდეგ სპეციალისტები დრამატულ სურათს ელოდებიან. მიტროპოლიტებისა და სხვა რანგის სასულიერო პირებისგან კი სულ უფრო უჩვეულო ქადაგებებს ვისმენთ. ილია მეორემაც დღეს მრევლს ისე მიმართა, რომ მოახლოებული კატასტროფისგან თავის დაცვისკენ არ მოუწოდებია. ეკლესია საზოგადოებას ეუბნება, რომ პანდემია ღვთის ნებაა, პასუხისმგებლობა ინფიცირებაზე კი ადამიანს აკისრია. ამ ფონზე სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვერ ან არ აპირებს თანასწორობის პრინციპით დაიცვას კანონი და შეაჩეროს წინასწარ გამოცხადებული ტრაგედიების ქრონიკა.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში მეუფეების ნაწილმა ჟურნალისტების კითხვებს დუმილით უპასუხა. მათ დიდ ხუთშაბათს წირვა პატრიარქთან ერთად აღავლინეს. თუმცა, გამოტოვეს ფეხბანვის ტრადიცია. რიტუალისთვის გამზადებული სკამები მალევე აიღეს, გადაწყვეტილების მიზეზი არავის აუხსნია. დიდ ხუთშაბათს როგორც წესი ყველაზე მეტი ადამიანი ეზიარება ხოლმე. ამ მიზნით შეიკრიბნენ საქართველოს ეკლესიებში დღესაც. ხალხმრავლობას აანონსებს აღდგომის ლიტურგიისას მღვდელი შალვა კეკელია. ისიც, მეუფეების ნაწილის მსგავსად, პასუხისმგებლობას მრევლს აკისრებს. ღამისთევით გაიმართება წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაშიც.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კი აღდგომის ღამისთევა არ გაიმართება და წირვა კომენდანტის საათის შემდეგ დილის 7-ზე დაიწყება. მსგავსი ფორმით აღნიშნავენ აღდგომას ფოთისა და ხობის ეპარქიაშიც. არ არის გამორიცხული, რომ მსახურების ამ ვერსიას სხვა ეკლესიებიც აირჩევენ.
ეპიდემიოლოგები კი გამოსავალს სახლში დარჩენაში ხედავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში იტალია განმეორდება.