logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალიდან 2 მძიმე პაციენტი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს

18 აპრ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ცხინვალიდან 2 მძიმე პაციენტი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. მათ არ ავქთ ვირუსი, თუმცა აქვთ დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ცხინვალში ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, პაციენტების გადმოყვანა ხელისუფლების ჩართვის გარეშე მოხდა.

საუბარია 2 პაციენტზე, ერთ მათგანს აქვს სიმსივნის დიაგნოზი და სჭირდება გადაუდებელი ქიმიოთერაპია, მეორეს კი გულის პრობლემები აწუხებს. როგორც ადგილობრივი აქტივისტი ამბობს, ორივე პაციენტის შემთხვევაში პრობლემა შეიქმნა, იმიტომ რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამოცხადებულია საკარანტინო რეჟიმი და მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება.

„არ დავასახელებ, ვისი ჩარევით მოხდა. გუშინ გამოუშვეს ისინი, მიეცათ გადაადგილების საშუალება, ეს იყო ღამის 22:00 საათზე, წითელი ჯვრის გარეშე. ახალგორის სასწრაფომ გადმოიყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ერთ-ერთს აქვს სიმსივნე და სასწრაფოდ სჭირდება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყება და მეორეს გულზე სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება. ჟურნალისტებს არ უნდა დაესწროთ და ხელისუფლებისთვის გაეგოთ, რომ არის საგანგებო მდგომარეობა ჩვენთან. ორი ადამიანის სიკვდილის შესახებ იყო განცხადება და იქვე ვთქვით, რომ ორი კიდევ სიკვდილს ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ იყო ხმაური და მუშაობის იმიტაციის მცდელობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საკარანტინო რეჟიმი დაწესდა თებერვლის ბოლოდან. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ახლა მათ ორმაგ კარანტინში უწვეთ ცხოვრება. ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, ამ პრობლემას ემატება ინფორმაციის დეფიციტიც, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლება მოქალაქეებს უმალავს ინფორმაციას კორონავორუსის გამო დაზარალებული მოქალაქეების შესახებ.


close დახურვა