საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ტახტისძირში დღეს არ გამოჩენილან. ვითარება ადგილზე სტაბილურია. სოფელში პატრულირებენ, საპოლიციო ძალები და საერთაშორისო დამკვირვებლები.
მიუხედავად ამისა, ოკუპანტებმა სოფლის 15 ჰექტრამდე ტერიტორიის მითვისება უკვე მოახერხეს. ადგილობრივები კი უახლოეს დღეებში მავთულხლართების გავლებას ელოდებიან.
მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდებიან და მატ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე გაავლებენ მავთულხლართებს.
ტერიტორიას, სადაც მავთულხლართების გავლება მიმდინარეობს, მოქალაქეები აგვისტოს შემდგომ იყენებდნენ და ერთგვარი ზავი იყო დადებული, რომ ეს ტერიტორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიად დარჩებოდა.
სოფლის მცხოვრებლების ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ ამ მიწებზე მოპოვებული სხვადასხვა პროდუქტია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუს-ი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა, რაც ხელს უშლის ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოებას. ფაქტზე ინფორმირებულია დიპლომატიური კორპუსი და გააქტიურებულია ცხელი ხაზი.