logo
ENG



ღვანკითი ჩაიკეტა, რადგან სოფლიდან ვირუსის გატანის რისკი მაღალია - ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ

23 აპრ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. განსაკუთრებული შეზღუდვები სოფელში დილის 06:00 საათიდან მოქმედებს. მიზეზი - კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა.

ტერიტორიაზე მოწყობილია 5 საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება. სოფელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავიდა და მოსახლეობის ტემპერატურის შემოწმება დაიწყო.

რაც შეეხება მოსახლეობას, მათი ნაწილისთვის გამკაცრებული კარანტინის გამოცხადება გაუგებარია. ისინი "ფორმულასთან" საუბარში ამბობენ, რომ სოფლის ჩაკეტვა მოულოდნელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ რამდენიმე ინფიცირებული დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ნაწილი, რომელიც ქალაქში სამსახურის გამო იმყოფებოდა, სოფელში დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

სულ სოფელში ამ დროისთვის ინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

"ეპიდემიოლოგების 4 ჯგუფი იმუშავებს დღეს სხვადასხვა ადგილას. ისინი თერმოსკრინინგს გააკეთებენ. ფაქტიურად ყველა ადამიანთან გვექნება ასეთი კომუნიკაცია. ის პერიოდი, შეიძლება 10 დღე იყოს ან 2 კვირა, ვერავინ ვერ დატოვებს სოფელს, ვინაიდან რისკი არის მაღალი, რომ სოფლიდან გაიტანონ ვირუსი", - განაცხადა შალამბერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 

ასევე 17 აპრილიდან 21 აპრილამდე მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. მოგვიანებით ეს შეზღუდვები 27 აპრილამდე გადავადდა


close დახურვა