logo
ENG



შეთანმების არ შესრულებამ შესაძლოა, პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს - ოპოზიციური პარტიები პარტნიორებს მიმართავენ

23 აპრ 202013:01
3 წუთის საკითხავი
 
9a03k7f7i9p9cei.png

საქართველოს ოპოზიციური პარტიები ქვეყნის პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილი მიმართავენ. მიმართვა პარტია "ევროპული საქართველოს" Twitter-ზე გამოქვეყნდა. 

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ოპოზიცია-ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პოლიტიკური ლიდერები კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩებიან. პარტიებს მაგალითად თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც მოჰყავთ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პუნქტს პოლიტპატიმრების გათავისუფლება წარმოადგენდა, თუმცა ხელისუფლება, მიუხედავად ოპოზიციის კომპრომისისა, პირობებს არ ასრულებს. 

პარტიები საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, ხელისუფლებას მიმართონ და ვალდებულებების შესრულება გაახსენონ

"მაშინ, როცა მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველო ცდილობს გაუმკლავდეს უპრეცედენტო პანდემიას, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, გვსურს მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია 2020 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია. 14 აპრილს, შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები სადაც მათ გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს. ამის საპირისპიროდ, ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები - გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი - არ გათავისუფლდებიან. როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა რომ ეს არ მოხდეს. საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად. დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით, რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ", - ნათქვამია განცხადებაში. 

მიმართვას ხელს აწერენ: "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "საქართველოს ლეიბორუსტული პარტია", პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფალი დემოკრატები", ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, "ახალი საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ევროპელი დემოკრატები", "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის ვემსახურები საქართველოს", საქართველო ლიდერთა შორის მოძრაობა, სამართლიანობისთვის სამოქალაქო ალიანსი, თავისუფლებისთვის თავისუფლება, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, კანონი და სამართალი, ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა, გამარჯვებული საქართველო, ახალი საქართველოსთვის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე. 


close დახურვა