logo
ENG



საგანგებო მდგომარეობიდან ერთი თვის შემდეგ მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა - რას ითვალისწინებს გეგმა

24 აპრ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 

ერთთვიანი მოლოდინის შემდეგ მთავრობამ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გეგმა დადო. ეკონომიკური და სოციალური დახმარების პაკეტის მიხედვით, 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ან დამქირავებლებმა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

დამსაქმებლები კი, რომლებმაც სამუშაო ადგილები შეინარჩუნეს სახელმწიფოსგან სუბსიდიას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. 750 ლარიან ხელფასზე ისინი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი საშემოსავლო გადასახადისგან მხოლოდ 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდებიან.

ერთჯერადად მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას თვითდასაქმებულები, თუმცა მათ უნდა დაასაბუთონ, რომ არაფორმალურ სექტორში მუშაობდნენ. შემწეობა გაიცემა  სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზეც, მათი დახმარება 6 თვის განმავლობაში 600 ლარი იქნება.

2021 წლიდან გაიზრდება პენსია. ზრდა არ იქნება ინფლაციის მაჩვენებელზე, შესაბამისად 20  ლარზე ნაკლები. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.

გახარიამ დღეს სასწავლო პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, სასწავლო პროცესი პირველ სექტემბრამდე არ აღდგება, თუმცა აკადემიური წელიც არ გამოცხადდება. არ გაუქმდება ეროვნული გამოცდებიც, თუმცა შესაძლოა ვადამ გადაიწიოს.

პრემიერმა ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის პირობებში გარკვეული გადაცდომებიც აღიარა და ავტომობილების დიდი რაოდენობით მოძრაობას უსამართლო უწოდა. თუმცა განმარტა რომ ყველა მძღოლს აქვს შესაბამისი საშვი. ყველაზე მეტი საშვი კი შეზღუდვების პირობებში მისი თქმით მედიის წარმომადგენლებზე გაიცა.

ოპოზიცია კი ამ დროის განმავლობაში პრემიერს ანტიკრიზისული გეგმის დაგვიანების გამო აკრიტიკებდა. გეგმის წარსადგენად მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი თვე დასჭირდა.


close დახურვა