logo
ENG



26 ივნისს ეს ამბები უნდა იცოდე

26 ივნ 202009:21
3 წუთის საკითხავი
clock 1049
f1vrd51zj2gpvmf.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 26 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. უწყება ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებს, კომენტარს კი ცოტა ხანში გააკეთებს.

შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ვიდეოჩანაწერების გასაცნობად ადვოკატთან ერთად პოლიციაში ხიდის ინციდენტში მონაწილე თენგო ბარბაქაძე მივიდა. ბარბაქაძის უფლებადამცველი ხიდის ინციდენტის განსხვავებულ ვერსიას ყვება სადაც შაქარაშვილი და მისი მეგობარი არ ფიგურირებენ. 

მოგვიანებით უწყებაში გამოცხადდა ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილიც, რომელიც ხიდის ინციდენტის ერთ-ერთი ვერსიით, თენგო ბარბაქაძესთან ერთად ფიგურირებს. მასთან ერთად მცხეთის პოლიციაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა გოგო, რომლის დაბადების დღეზეც მოხდა დაპირისპირება.

 

ორმაგი ღობე საკანონმდებლო ორგანოს გარშემო

თბილისის მერიამ პარლამენტის წინ არსებული ღობე დამატებით შემოღობა. ადგილზე სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამ დრომდე უცნობია, რატომ დაჭირდა თბილისის მერიას მეორე ღობე საკანონმდებლო ორგანოსთან. მომხდარზე კითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ უკვირთ, სამოქალაქო მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობის პროტესტის ეშინია. 

 

კალაძის ფეისბუკ ლაივმა აქციის ფონზე ჩაიარა

დედაქალაქის მერის ფეისბუკ ლაივი და თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე. კახა კალაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ჩართვაში ტელეკომპანია ფორმულა და მთავარი არხი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ქალაქის მერის კამპანიას ოპოზიციური პარტიები კრიტიკით შეხვდნენ. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მედიის კრიტიკა ხელისუფლების პრეროგატივა არ არის. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ის ფორმა, რომლითაც თბილისის მერი კრიტიკული მედიასაშუალების მონიტორინგს აწარმოებს, ადამიანების ჯგუფებს შორის კონფლიქტსა და შუღლს აღვივებს. 

კალაძის ფეისბუკ ლაივის პარალელურად მერიის წინ აქტივისტები აქციას მართავდნენ. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ქალაქის მერს მედიაზე ზეწოლის, ტროლებისა და ბოტების შესახებ ფაქტები შეახსენა. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან ტელეკომპანია „ფორმულას", „მთავარი არხისა" და „ტელეკომპანია პირველის" კრიტიკა ცინიკურია, რადგან ყალბი ამბების გამავრცელებელი თავად „ქართული ოცნებაა."

 

დღეს გახარია პარლამენტში მივა

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.  მმართველი პარტიის ოპონენტები გიორგი გახარიას ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები, 20 ივნისი, ანტიკრიზისულ პერიოდში გაწეული სამუშაოები - ეს ის ძირითადი თემებია, რომლის გარშემოც ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან ექნება კითხვები. 

via GIPHY

 

 

სოციალური აგენტების გაფიცვა

სოციალურ აგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება გაუორმაგდებათ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. ასევე გაირკვა, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალური აგენტების საჭიროებებზე იმუშავებს. 

 

ევრონიუსი: საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ევროპა საზღვრებს უხსნის

„ევრონიუსმა" მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ჩამონათვალში საქართველოც არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოქვეყნებული სია სამუშაო ვერსიას წარმოადგენს და მასზე ევროკავშირის წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. 

ათობით ქვეყანასთან ერთად სიაშია ჩინეთი. ჩამონათვალში ვერ მოხვდა შეერთებული შტატები, ბრაზილია და რუსეთი. ისინი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში წამყვან ადგილებს იკავებენ. ევროკავშირი გაერთიანების არაწევრი ქვეყნების ნაწილს საზღვრის გახსნას, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, პირველი ივლისიდან გეგმავს.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

917 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 776 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 260 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2687 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 9.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 5.2 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 491 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია. ინფიცირებულთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ყოველდღიურად კვლავ ბრაზილიაში ვლინდება. . ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში კოვიდინფექციით 1180 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ვირუსი 41 ათასამდე პაციენტს დაუდასტურდა. 

 

საჰარის მტვრის ღრუბელი

საჰარის მტვრის ღრუბელმა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებამდე მიაღწია. კუბის დედაქალაქში უდაბნოს მტვერმა შენობების ნაწილი დაფარა. მთავრობამ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, გარეთ გასვლის მსურველებს კი ქუჩაში ნიღბის ტარება ურჩია. საჰარის უდაბნოს მტვრის ღრუბელი უქმეებზე შეერთებულ შტატებსაც მიაღწევს. 

via GIPHY

 

დანიის პრემიერ-მინისტრმა ქორწილი უკვე მესამედ გადადო

ქორწილის გადადების მიზეზი ევროკავშირის სამიტია. მეთე ფრედერიქსენს 18 ივლისს უნდა ექორწინა, თუმცა COVID-19-ისგან აღდგენის ფონდის ინიციატივებზე პირველი შეხვედრა 17-18- ივლისსაა დაგეგმილი. ფრედერიქსენი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ვალია დანიის ინტერესები დაიცვას. პრემიერ-მინისტრს თავდაპირველად გასულ ზაფხულს უნდა ექორწინა, თუმცა მაშინ ქორწილის გადადების მიზეზად საყოველთაო არჩევნები დაასახელა. 

 


close დახურვა