logo
ENG



სამწუხაროა, რომ ექიმები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ქართული ოცნება მათ ​ეფარებათ - ოპოზიცია 

26 აპრ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მასობრივი ტესტირება ყველა ქვეყანაში პრევენციის საშუალებაა და ამ ფონზე მათთვის გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები. მათი შეფასებით, ხელისუფლება ფარად იყენებს მედიკოსებს და ისინი, საკუთარი უუნარობის გადასაფარად, პოლიტიკურ პროცესში ჩართეს.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ექიმების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეურაცხმყოფელია. 

"2 დღე არის ვისმენთ როგორც მორალურად, ისე ინტელექტუალურად შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ფაქტობრივად, ტესტირება მთელ მსოფლიოში ნიშნავს, რომ ეს არის ვირუსის აფეთქების პრევენცია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ და ივანიშვილმა აიფარა ექიმები და აკეთებინებს პოლიტიკურ განცხადებებს", - ამბობს სერგო რატიანი.

იმნაძის განცხადებით უკმაყოფილოა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძის თქმით, მასობრივი ტესტირება არ ტარდება იმისთვის, რომ მომავალში მმართველმა გუნდა პანდემიის კარგად მართვით მოიწონოს თავი. 

"ის, რომ საქართველოში არ ხდება საყოველთაო ტესტირება, ეს მიზანმიმართულია და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. პირველი - ფიქრობენ, რომ ამ ციფრებს შეინარჩუნებენ და იტყვიან, რომ კარგად ებრძოლნენ კორონავირუსს, მეორე - ზედამხედველის ფუნქცია, რომელიც გაუტკბა "ქართულ ოცნებას", უნდათ, რომ მაქსიმალურად გაწელონ. სამწუხაროა, რომ ექიმები იჭრებიან პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ამ განცხადებებს ეფარება "ქართული ოცნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ხელისუფლების შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით, მასობრივი ტესტირების ჩატარება 1 თვით დაგვიანდა. 

"ხელისუფლებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა. ერთი თვით დააგვიანა ქვეყანაში  მასობრივი ტესტირების დაწყება. დღესაც არ არის იმ ზომით, რომელიც საჭიროა ამ ვითარებაში. რისკის ქვეშ ჩააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი. ახლა ღვრიან ნიანგის ცრემლებს", - აღნიშნა დეპუტატმა.  

შეგახსენებთ, რომ დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. ერთ-ერთმა განცხადებამ საზოგადოებაში, კერძოდ კი ექსპერტების და პოლიტიკურ წრეებში რეზონანსი გამოიწვია. კერძოდ, იმნაძის განცხადებით, ქვეყანა მხოლოდ ტესტების იმედზე, რომ იყო, კლინიკები სავსე იქნებოდა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ორაზროვანი განცხადება გუშინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამაც გააკეთა, რის გამოც ასევე კრიტიკის საგნად იქცა. 


close დახურვა