logo
ENG



კალაძე - ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებს მიზანმიმართულად არ ვაჩერებთ

27 აპრ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 

დააზარალა თუ არა არსებულმა მდგომარეობამ სამშენებლო სექტორი - თბილისის მერი აცხადებს, რომ ეპიდემიისგან გამოწვეულმა კრიზისმა გავლენა მშენებლობებზეც იქონია. კახა კალაძის თქმით, ასეთ სიტუაციაში სამშენებლო სექტორს მხარი ბანკებმა უნდა დაუჭირონ და იპოთეკები გასცენ.

კალაძემ ჟურნალისტებთან თბილისში მიმდინარე, თუ სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტენდერები ჯერჯერობით არ შეჩერებულა, მუნიციპალიტეტში მოვლენების განვითარებას ელოდებიან. დედაქალაქში მერმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც დააანონსა, რომელსაც სამშენებლო სექტორთან ერთად ეროვნული ბანკისა და კერძო ბანკების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით ტენდერებს, რომელიც გამოცხადებული და გამოსაცხადებელია, არ ვაჩერებთ მიზანმიმართულად. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რაც აუცილებლობა და საჭიროებაც იქნება. ყველა დააზარალა არსებულმა მდგომარეობამ და სამშენებლო სექტორიც ვერ იქნება გამონაკლისი. ძირითადი საუბრის თემა ეხებოდა ბანკების ჩართულობას, რომ ბანკებმა გარკვეულწილად, იპოთეკების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადოს სამშენებლო სექტორს. გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერის ხელმძღვანელობით, სადაც საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 


close დახურვა