
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა შეისწავლა და დაადგინა, რომ სააგენტომ 2014-2019 წლებში საქონლისა და მომსახურების ბაზრების 25 მოკვლევა დაასრულა, 14-ში კი დარღვევა გამოავლინა, საიდანაც: 9 მოდიოდა სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვაზე, რაც ძირითადად ე.წ. „მორგებულ“ სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლინდა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 შემთხვევაში დადგინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია კონკურენტის მხრიდან. ერთ შემთხვევაში გაფორმებული იყო კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება.
„საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით სამმა მოკვლევამ მიიქცია:
პურის ფასის ზრდა, რომლის მიზეზიც 2018 წლიდან დღემდე არ არის დადგენილი.
საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა, როცა თავდაპირველად კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმა 55 მლნ-დან 3 მლნ ლარამდე შემცირდა.
სიგარეტის ბაზრის მონიტორინგი, სადაც თამბაქოს ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს არსებობა არ დადასტურდა მაშინ, როცა ბაზრის ორი მოთამაშე კონკურენციის შესახებ სასამართლოში დავობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრული პუბლიკაცია სააგენტოს შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.