logo
ENG



დაარღვევს თუ არა პრემიერი კონსტიტუციას - ოპოზიცია გახარიას პარლამენტში იბარებს

05 მაი 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

დაარღვევს თუ არა კონსტიტუციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - ეს იმაზეა დამოკიდებული, მივა თუ არა ის პარლამენტში ოპოზიციის კითხვებზე საპასუხოდ. კითხვები, რომელიც პარლამენტში მთავრობის მეთაურის მიმართ დაგროვდა შიმშილის ზღვარზე მისული მოსახლეობის მდგომარეობას და იმ 600 ათასამდე თვითდასაქმებულს ეხება, რომელიც სახელმწიფომ დახმარების გარეშე დატოვა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან კორონა ვირუსის გამო ამოქმედებულმა აკრძალვებმა მათი ცხოვრება გაართულა შემოსავალი კი შეუმცირა.

გიორგი გახარია პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დაიბარა, ინტერპელაციის წესით. ეს პროცედურა პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ავალდებულებს. მთავარი საკითხი სიღარიბის გაზრდილი მაჩვენებელია. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, პარლამენტის მუშაობის განახლებისა და გიორგი გახარიას საკანონდებლო ორგანოში მისვლის საკითხს „ევროპული საქართველოც“ აყენებს.

არჩევნებისთვის მზადების ნიშნებს ხედავს პარლამენტის პასიურობაში "ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი თამარ ჩუგოშვილი. სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები კი, „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონიდან გამოსვლასა და საპარლამენტო კონტროლის ეფექტურად წარმართვას ურჩევენ.

გარდა ამისა, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ნაწილისთვის პრობლემურია ის თანხები, რომელსაც მთავრობა ბიზნესსა და კერძო სექტორში დებს. ისინი ანტიკრიზისული გეგმისა და დახმარების პაკეტის ხარჯვითი ნაწილის გასაჯაროვებას ითხოვენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პრობლემას აღიარებს, ხელისუფლებაში ყოფნიდან 8 წლის შემდეგაც პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ გახარია პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მივა.

კანონით, გიორგი გახარიამ "ნაციონალების" მოთხოვნას მაისის ბოლო პარასკევს, პარლამენტში მისვლით უნდა უპასუხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონსტიტუციას დაარღვევს.  


close დახურვა