პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ქვეყნის განვითარების ხედვა არ აქვს.
როგორც ხაზარაძემ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, „ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი მიზანი, საკუთარ კომფორტზე ზრუნვაა.
„ივანიშვილის მიზანი არის, იყოს კომფორტში ღარიბ ქვეყანაში. როდესაც მე, როგორც მოქალაქე და ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმას ვაძლევდი „ქართულ ოცნებას“ და ორჯერ გავაკეთე ეს, წარმოუდგენელი იყო, რომ ნუთუ ესეთი ფიასკო ექნებოდათ მათ ყველა მიმართულებით. მერე მივხვდი, რომ მათ უბრალოდ ხედვა არ აქვთ ქვეყნის განვითარების. ვკითხოთ „ქართულ ოცნებას“ სად უნდა ჩვენი ქვეყანა იყოს 5 წლისთავს, 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი რამდენი უნდა იყოს, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნეს ან თუნდაც დღეს, რამდენის შექმნის თავი აქვთ. თუ ხალხისთვის არა, მაშინ რისთვის უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, იმისთვის რომ იყვნენ კომფორტულად, მათ გარშემო ჯგუფი იყოს კომფორტულად, მისცეს „ნარუშილოვკა“. თქვენ იცით, პანდემიის დროს ოთარ ფარცხალაძე პანდემიის დროს უსირცხვილოდ გადაადგილდებოდა ავტომობილით, „ლელომ“ შეიტანა კითხვა, ჰქონდა თუ არა ამ ადამიანს საშვი და თუ ჰქონდა რატომ, მაგრამ არ მიგვიღია პასუხი. ჩვენ ასეთ რაღაცებს არ გავატარებთ. ეს ქვეყანა სანამ არ გადაეჩვევა „მერე რა მოხდათი“ გატარებას, სანამ კანონი არ იქნება კანონი და ყველაფერი არ დაექვემდებარება ნორმალურ მართლმსაჯულებას, ამ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება, უბრალოდ ვერ განვითარდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.