არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ეპიდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს, საკითხზე კვლევა ჩაატარა IDFI-მაც.
ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა კომპანიებისგან ათეულობით მილიონი ლარის შესყიდვა განახორციელა.
როგორც „ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარი დავით მჟავანაძე „ფორმულასთან“ აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო ბუნდოვანი კრიტერიუმებით არჩევს კომპანიებს.
„22 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ანუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს 10 მილიონი ლარის სამედიცინო პროდუქცია შეიძინა სხვადასხვა კომპანიებიდან. მათ შორის 5 მილიონ ლარზე მეტი ისეთ კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც არიან „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები. გვქონდა შემთხვევები, როდესაც კონკრეტული სახეობის პირბადეები შეისყიდეს უფრო ძვირად, ვიდრე სხვა კომპანიები სთავაზობდნენ. თუმცა, კომპანია, რომლისგანაც მოხდა შესყიდვა, „ქართული ოცნების“ შემომწირველია და ეს შეიძლება, გარკვეულ რისკს ბადებდეს.
2012 წლიდან 2018 წლამდე 8 მილიარდის ასეთი ხელშეკრულებებია გაფორმებული. თუმცა, პანდემიის დროს ეს რისკები კიდევ უფრო გაიზარდა. იმიტომ, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური მოკვლევის თავისუფლება აქვს და ბუნდოვანი კრიტერიუმებით არჩევს კონკრეტულ კომპანიებს, მაგრამ რა არის კრიტერიუმი, არავინ იცის. საბოლოო ჯამში ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება. ეს თანხები არსებობს ეჭვი, რომ მიედინება მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებთან“, - აცხადებს მჟავანაძე.
ბრალდებებს ამ დრომდე არ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო.