სასულიერო პირები მთავრობას ემუქრებიან, - ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგებიდან ჩანს, როგორი გავლენა აქვს ეკლესიას პოლიტიკურ პროცესებზე განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მთავრობის მიერ დაწესებულ აკრძალვებს ეკლესიის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს უწოდებენ და საპასუხოდ, არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ხელისუფლებას მორწმუნე ამომრჩევლის შეხსენებით აშანტაჟებენ.
როგორც ჩანს, მართლმადიდებელ ეკლესიას, აღდგომის წინ გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ქართულ ოცნებაში ქომაგები არ ეგულება და ჩივილს რუსეთის სასულიერო ხელისუფლებაში აპირებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა პანდემიის მიუხედავად, ტაძრებში მისვლა კომენდანტის წესის დარღვევით მაინც დაუშვა და არც ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლა მოუთხოვია.
კოვიდ 19-ის ეპიდემიის დასრულება, დაავადებათა კონტროლის ცენტრზე და სახელმწიფოზე ადრე, ეკლესიამ გამოაცხადა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ამბიონიდან მრევლს მიმართა და საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვები გააკრიტიკა. მისი თქმით, ხანდაზმული ადამიანები სახლში არ უნდა ისხდნენ და მათ ამას ვერც პარლამენტის მიერ მიღებული ნორმები დაავალდებულებს. იაკობი ამბობს, რომ ამ შეზღუდვებით ეკლესიას ომი გამოუცხადეს.
აღდგომის წინ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გამო, ბოდბელმა მიტროპოლიტმა დღეს პოლიტიკური ლიდერებიც გააკრიტიკა. მისი თქმით, პოლიტიკოსები მისვლას და მასთან პირისპირ ლაპარაკს ვერ ბედავენ. იაკობ იაკობაშვილი პოლიტიკოსებს აფრთხილებს და ახსენებს, რომ არჩევნები ახლოვდება. გავლენიანი მიტროპოლიტის თქმით, ეკლესია არავის ლობირებს.
მაშინ, როდესაც ქართული ეკლესია ამტკიცებს, რომ რუსულ გავლენებს არ განიცდის, ბოდბელმა მიტროპოლიტი ამბობს, რომ რეგულაციების შესასრულებლად საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის პატრიარქ კირილესთანაც უჩივლეს. ბოდბელმა მღვდელმთავარმა მსოფლიო პატრიარქი და რომის პაპიც გააკრიტიკა. მისთვის ცარიელ ტაძარში მრევლის გარეშე ლოცვა მიუღებელია.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, პარლამეტში გაკეთებული განცხადებების გამო ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრიამაც. მღვდელმთავარმა მმართველ გუნდს შეახსენა, რომ მრევლში მათი ამომრჩევლებიც არიან.
საქართველოში ეპიდსიტუაციაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში. მისი თქმით კოვიდ 19-ის პანდემია მორწმუნეებისთვის გაფრთხილება უნდა იყოს.
წინასაარჩევნოდ ძალის დემონსტრირება და მრევლის ხმით ვაჭრობას უწოდებენ თეოლოგები მღვდელმთავრების განცხადებებს. მათი თქმით, საპატრიარქო საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად არჩევნების გამოყენებას ყოველთვის ცდილობს.
უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირების გაღიზიანება პარლამენტის 22 აპრილის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ეკლესიამ ომის გამოცხადებად აღდგომის წინ, კოვიდ 19-ის ეპიდემიის პრე-პიკურ ფაზაში საგანგებო მდგომარეობის კიდევ 1 თვით გახანგრძლივება მიიჩნიეს.