logo
ENG



27 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მაზლი დააკავეს

21 მაი 202115:08
3 წუთის საკითხავი
 

27 წლის ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მაზლი დააკავეს. 

ქალის ადვოკატის თამარ იარაჯულის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად 7 წლის განმავლობაში ძალადობდნენ.

უფლებადამცველი ასევე ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი შვილების გამოკითხვა დარღვევით მიმდინარეობდა.  მისი თქმით, არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ, საქმეში კი სოციალური მუშაკი არ ჩაერთო. 

"7 წელია ცხოვრობს ერთ-ერთ ოჯახში, სადაც მუდმივად როგორც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი აცხადებს, მასზე მუდმივად ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არამარტო მეუღლე, არამედ მთელი ოჯახი. ძლივს მოინახა თავშესაფარი, სადაც გადაიყვანდნენ ბავშვებს. ამ პერიოდში ბავშვების უფლებები დაირღვა იმიტომ, რომ არ ესწრებოდა სოციალური მუშაკი, არ იყო ფსიქოლოგი ჩართული, ღამის საათებში რატომ უნდა იყოს ბავშვი უჭმელი და უძილო პოლიციაში. ასევე, არ მანახეს სავარაუდო დაზარალებული", - ამბობს ადვოკატი. 

ადვოკატი საგამოძიებო უწყებას უმოქმედობაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქმის მასალებში მტკიცებულებად დევს აუდიო ჩანაწერი, რომელიც მან პოლიციას ერთი წლის წინ გადასცა. თამარ იარაჯულის თქმით, აუდიო ჩანაწერი დანაშაულის და მუქარის ნიშნებს შეიცავს, რაზეც პოლიციას რეაგირება არ ჰქონია.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს. 


close დახურვა