არასამთავრობო ორგანიზაციები "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია-ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს.
მესამე სექტორის შეფასებით, თუ მმართველი გუნდი შეთანხმებას სრულფასოვნად არ შეასრულებს, ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად დაზარალდება.
რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, NGO-ები ეჭვობენ, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებისთვის კომფორტულია და მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება შეეძლოს.
EMC-ის იურისტი გური იმნაძე შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა წარადგინოს გეგმა, თუ როგორ ჩატარდება ამ პირობებში წინასაარჩევნო კამპანია.
"თითოეული პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები წარიმართოს მშვიდობიანად და ყველანაირი ძალადობის გარეშე. თუმცა, ხელისუფლება აქ არის მთავარი მოთამაშე, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ წარმოგვიდგინოს მისი ხედვა არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა იმნაძემ.
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე ISFED-ის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძეც საუბრობს. ბენიძის შეფასებით, სხვადასხვა საელჩოების მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს იმას, რომ შეთანხმების ნაწილი არ სრულდება.
"ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ მან შეასრულოს სრულყოფილად შეთანხმების ყველა პირობა. ჩვენთვის უცნობია ის დეტალები, რაც შეთანხმებაში დევს, მაგრამ სხვადასხვა საელჩოების მიერ გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ თუნდაც ოქრუაშვილის მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ამ შეთანხმების წინააღმდეგ წასვლად იქნა აღქმული", - ამბობს ბენიძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. მანამდე მას შეხვედრის რამდენიმე რაუნდი უძღოდა წინ. შეხვედრები ამერიკის და ევროკავშირის ელჩების ეგიდით ტარდებოდა. შეთანხმებაში პირველი პუნქტი მართლმსაჯულებას შეეხებოდა და მეორე საკონსტიტუციო ცვლილებებს.