logo
ENG



კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას: ოპოზიციასთან შეთანხმების სწრაფი შესრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია

08 მაი 202001:21
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტიდან მან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

წერილში ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის მარტში მიღწეულ შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სასამართლო სისტემის უმაღლესი სტანდარტით ფუნქციონირების შესახებ, ყველა დაინტერესებულმა მხარემ, მათ შორის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი. კუბილიუსი წერს რომ გაჩნდა იმედი, რომ მოხდებოდა ნდობის აღდგენა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, საქართველოში მომავალი არჩევნების და ქართული დემოკრატიის სიმწიფესთან დაკავშირებით.

,,თუმცა პროგრესი შეთანხმების შესრულებაში ჯერ კიდევ, მისაღწევია’’,-წერს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარი წერილში ხაზს უსვამს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს და აღნიშნავს, რომ მათი დაკავება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მარტში მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხმებას.

,,ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მსურს ხაზი გავუსვა, რომ გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების მიუხედავად, შეთანხმების სწრაფი შესრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად. ვიმედოვნებ რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მიღწეული შეთანხმების ერთგული დარჩება’’ - წერს ანდრიუს კუბილიუსი.


close დახურვა