უკრაინისგან განსხვავებით საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავს, თუმცა საზოგადოების ნაწილი აქტიურად მოითხოვს თარიღის შეცვლას.
ამისთვის შარშან პეტიციაც შეიქმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური კამპანიაც წამოიწყეს. კამპანიის მომხრეები საკუთარ პოზიციებს ისტორიული ფაქტებით ამყარებენ. კერძოდ, ფაშისტურმა გერმანიამ კაპიტულაციას ხელი 7 მაისს მოაწერა, ხოლო გადაწყვეტილება 8 მაისს ამოქმედდა. სწორედ ამიტომ ევროპა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს.
ასევე ამ კამპანიის მომხრეები ამბობენ იმასაც, რომ ომში მონაწილე ადამიანები დიდი პატივით უნდა მოიხსენიონ, თუმცა ის ქვეყნისთვის დიდ სამამულო ომად არ უნდა ითვლებოდეს.
"მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ კრემლი უკვდავი პოლკის იდეას სათავისოდ, პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.
"კრემლი უკვე იყენებს უკვდავი პოლკის იდეას, იმისთვის რომ ნაციზმზე გამარჯვების დღე, რომელშიც ევროპამ, ამერიკამ და საქართველოს მოქალაქეებმა შეიტანეს თავისი წვლილი, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს კამპანია განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გავაგებინოთ, თუ რა დგას რეალურად უკვდავი პოლკის უკან, რა პოლიტიკური ამოცანები ამოძრავებთ მათ და აღნიშნოს ეს დღე ევროპასთან ერთად - 8 მაისს, როდესაც ყველა ზეიმობს ნაციზმზე გამარჯვების დღეს და არა დიდ სამამულო ომს, როგორც ამის წარმოდგენა კრემლის პროპაგანდას სურს", - განაცხადა კინწურაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა გვირგვინით შეამკო.