logo
ENG



სინოდი ვაქცინაზე: თუ დააძალებენ ყველას, ეს იქნება ეშმაკისეული მოქმედება

10 მაი 202013:43
3 წუთის საკითხავი
 

მღვდელმსახურები ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან. დეკანოზი საბა ჭიკაიძე კოვიდ 19-ის ჯერ არშექმნილი ვაქცინის საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი საშუალებით მოსახლეობის მოკვდინება სურთ. დედამიწის მოსახლეობის შემცირებაში, მისი აზრით, ბიზნესმენი ბილ გეითსია დაინტერესებული. 

სინოდის ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. 

"იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთო, საყოველთაოდ, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ არა", - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი. 

სინოდის ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არაერთი ვაქცინა შემოდის ყოველწლიურად და სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, რომელი იქნება აღნიშნულიდან ყველაზე ძლიერი. 

"ჩემთვის ცნობილია, რომ შემოდგომაზე ევროპიდან შემოდის ვაქცინა, მაგრამ როგორ ხვდებიან, რომელი ვირუსი იქნება, როცა ის ნოემბერში ჩნდება, ეს არ ვიცი", - აღნიშნავს სინოდის წევრი. 

სასულიერო პირთა ნაწილმა ასევე გააკეთა კომენტარი მაღალი იერარქიის პირთა მიერ სექსუალური შევიწროების შესახებაც. მამა ანდრია სარიას თქმით, მსგავსი  ფაქტის დამდასტურებელი ვიდეოჩანაწერიც არსებობს. სინოდის წევრების თქმით, ჯერჯერობით უცნობია ამ საკითხზე შეიკრიბებიან და იმსჯელებენ თუ არა. მეუფე ნიკოლოზს არ სჯერა სარიას განცხადებების და მას ტყუილს უწოდებს.

"სინოდი განიხილავს, თუ სასამართლო გამოიტანს განაჩენს. განვიხილავთ ამის მიხედვით. არ ვიცით სინოდის სხდომა როდის იქნება და ეს  დამოკიდებულებებია გარემოებებზე, პატრიარქის გადაწყვეტილებაზე. ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება კი კრიმინალური დანაშაულია და თუ ეს დამტკიცდა, მან პასუხი უნდა აგოს", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

სინოდის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებისას ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ეს დანაშაულია. 


close დახურვა