აშშ-ის საელჩო და საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. საელჩოები არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც ელჩებს მოუწოდა დაადასტურონ, რომ შეთანხმებაში ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებაზე ვალდებულება არ აუღიათ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული საელჩოების როლი არ გულისხმობს განხილვის შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.
ფასილიტატორების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეების შეთანხმება ორი პუნქტისგან შედგებოდა. რომლის მიხედვითაც, პირველი, საარჩევნო სისტემის შეცვლას შეეხება, ხოლო მეორე ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის ელჩები მხარეებს შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებენ.
საელჩოს განცხადებას „ფორმულა“ უცვლელად გთავაზობთ :
„8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.
მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისვთის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“,-ნათქვამია განცხადებაში.