წერილი ევროპარლამენტში - „ქართული ოცნების“ დეპუტატები ევროპარლამენტარებს წერილს უგზავნიან. „ფორმულას“ დოკუმენტის ფოტო წყარომ ბრიუსელიდან მიაწოდა, რომელსაც ხელს დავით სონღულაშვილი აწერს.
ევროსაბჭოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წერილით მიმართავს ევროპარლამენტარებს. წერილი არის საკმაოდ ვრცელი. დავით სონღულაშვილი წერილის დასაწყისში აღწერს ხატოვნად თუ როგორ წარმატებით უმკლავდება საქართველო კოვიდინფექციასთან ბრძოლას.
შემდეგ კი ის გადადის მთავარ ნაწილზე და წერს, რომ სურს ევროპელ კოლეგებს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. აქ სონღულაშვილი 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ სონღულაშვილის წერილი ფაქტობრივად იგივეა, რაზეც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ისაუბრა. ამ წერილშიც სონღულაშვილი მოიხსენიებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და რუსეთთან აფილირებულ ოპოზიციის წარმაომდგენლებს და საუბრობს იმაზე, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე დაპირება არ ყოფილა შეთანხმებაში.
სონღულაშვილი მოუწოდებს ევროპარლამენტარებს იშუამდგომლონ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა ნათელი გახდეს თუ რაზეა დოკუმენტში საუბარი.
„როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ქართული ოცნების მთავრობის გუნდის - მისი სამთავრობო, საპარლამენტო და პარტიული სტრუქტურების ქმედება და საჯარო კომუნიკაცია სრულად ეძღვნებოდა პანდემიასთან ბრძოლას, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას ისახავდა მიზნად. ამასთან, მთავრობა სწრაფად და წარმატებულად ართმევდა თავს პანდემიის შედეგად გამოწვეული სოციალური პრობლემების გადაჭრასა და ეკონომიკის დროულ აღდგენას. ეს არის წარმატება, რომელიც საქართველომ აჩვენა ამ რთულ პერიოდში და რომელიც მთელმა მსოფლიომ ცალსახად აღიარა.
ამასთან, ქართული ოცნების მთავრობა დემოკრატიისადმი მისი ერთგულებით გამოირჩევა და საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისთვის.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საკითხებზე, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში დემოკრატიის სტაბილური განვითარებისთვის.
თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც ელჩებიც ესწრებოდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ამ შეთანხმების ხელმოწერით ყველა მხარემ აიღო ვალდებულება მასზედ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხარს დაუჭერდნენ ახალ საარჩევნო სისტემას და არ მოახდენდნენ სამართლის პოლიტიზირებას [სიტყვასიტყვით წერია: უზრუნველყოფდნენ სამართლის არამართებული პოლიტიზირების არიდებას].
სამწუხაროდ, ოპოზიციამ შეთანხმება სამართლის პოლიტიზირების საკითხზე პირველივე დღეს დაარღვია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მისი ფლანგები და პრო-რუსული სატელიტები აღნიშნულ შეთანხმებაზე აპელირებით საჯაროდ მოითხოვდნენ, რომ გათავისუფლებულიყო უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა, რომლებსაც სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის აქვთ ბრალი წაყენებული და მისჯილი; და რომელთა რთული პოლიტიკური და დანაშაულებრივი წარსული კარგად ცნობილია ქართველი საზოგადოებისთვის.
მოლაპარაკებების ოთხივე რაუნდზე ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ოპოზიციას მიეწოდებოდა მკაფიო გზავნილი, რომ ზემოხსენებული დაკავებული პირები არავითარ შემთხვევაში და არც ერთი ფორმით არ გახდებოდნენ პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.
რადიკალური ოპოზიციის მუდმივი მცდელობა, პოლიტიკურ პატიმრებად და პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი, უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა და სხვები სრულიად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად იცის მათი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს შესახებ.
ელჩების ფასილიტაციამ შეუფასებელი და გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მათი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, რამაც დღეს შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს იმ სისტემით, რომელსაც პოლიტიკური პარტიები კონსენსუსით უჭერენ მხარს. საგანგაშოა, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი საფრთხის წინაშე დგას რადიკალური და უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო.
შესაბამისად, იმისთვის, რომ დასრულდეს ყველა სპეკულაცია და უზრუნველყოფილ იქნას აღნიშნული შეთანხმების შესრულება, მივმართავთ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოფინონ შეთანხმების კონტექსტს.
კერძოდ, ჩვენ ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ჩვენი მხრიდან არ გაკეთებულა რაიმე მინიშნება ვალდებულებაზე, რომ უკანონო ქმედების მოთხოვნით მივმართავდით პრეზიდენტს, სასამართლოს, პროკურატურას და გავათავისუფლებდით უგულავას, ოქრუაშვილს და რურუას.
ჩვენ, ასევე, მივმართავთ მათ თხოვნით, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების შესრულებაში“, - ნათქვამია წერილში.