გუშინ გვიან ღამით ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა. დასუფთავდა გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური ხსნარებით, დედაქალაქის ქუჩების დეზინფექცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დაგეგმილ სადეზინფექციო სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დღეს ეს სამუშაოები ტარდება კონკრეტულად დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არსებული ქუჩები სრულად იქნება დამუშავებული სადეზინფექციო ხსნარებით. ანალოგიური სამუშაოები მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება და მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მან კომენტარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზეც გააკეთა. კალაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.
„როგორც კი მოგვცემენ ეპიდემიოლოგები შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაეშვას და მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას, ჩვენ მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. გვაქვს სრული მზადყოფნა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.