logo
ENG



საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში - საგამოძიებო უწყებას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ

14 მაი 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი საქმე, რომლის პოლიტიკურ მოტივაციაზე ეჭვი გაამძაფრა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნამ, - ხაზარაძე-ჯაფარიძე წერეთლის საქმეში ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის შედეგები ცხადყოფს, რომ „ლელოს“ დამფუძნებლებს, ისევე, როგორც მედიის მფლობელს, ფულის გათეთრების დანაშაული არ ჩაუდენიათ. 

საერთაშორისო ექსპერტმა რაიმე საფუძველი ბრალდების გასამყარებლად ვერ იპოვა. ამ დოკუმენტით ახლა საგამოძიებო უწყებას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროკურატურამ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა საუკუნის პროექტის, ანაკლიის პორტის შესაჩერებლად დაიწყო.

პოლინ დევიდი „თი-ბი-სი ბანკის“ საქმეს რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.  საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს, პირდაპირ წერს, რომ ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის ან ავთანდილ წერეთლის მიერ ფულის გათეთრება  საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ავტორი ბრალის ხელოვნურობასა და საგამოძიებო უწყების მხრიდან სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს. ასეთ დროს კი როგორიც ის ამბობს, სასამართლო საქმეს უნდა წყვეტდეს. პოლინ დევიდმა „თი-ბი-სი“ ბანკის საქმე  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დაკვეთით შეისწავლა. 

საერთაშორისო ექსპერტი წერს, რომ ბრალის ხელოვნურად შეთხზვა საგამოძიებო უწყებას სავარაუდოდ ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ასავლელად დასჭირდა.  რადგან 11 წლის წინ, ბრალდებულების მიერ განხორციელებული სადავო ტრანზაქციები სამართლებრივად უკვე ხანდაზმულია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" გეგმავს, ეს დასკვნა სასამართლოს მეგობრის სტატუსით წარუდგინოს.

კრიტიკულ დოკუმენტს უკვე იცნობენ საქმის ბრალდებულები. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის უცხოელი ექსპერტის დასკვნა მათი პოზიციის მტკიცებულებაა - რომ პროკურატურა და სასამართლო მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. 

რა გავლენას მოახდენს საერთაშორისო ექსპერტის აზრი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ბრალდებულებს , ისევე როგორც მათი ინტერესების დამცველებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მათი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ დაამტკიცა, რომ კანონის უზენაესობასა და ქვეყნის რეპუტაციაზე მნიშვნელოვანი მისთვის პარტიული ინტერესია. 

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გამოძიება 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, 11 წლის წინ, თიბისი ბანკმა ახლობელ კომპანიებზე გასცა სესხი, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ბანკის დამფუძნებლებმა პირად ანგარიშებზე დაიბრუნეს.  ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს დავა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სიას დაახლოებით ორი წლის წინ შეემატა.  

სასამართლოს ბოლო სხდომა დაახლოებით 2 თვის წინ გაიმართა. ჯერ უცნობია საგანგებო ვითარების გამო, როდის განახლდება ხმაურიანი განხილვები.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს







 


close დახურვა