logo
ENG



კლანი არ დაუშვებს იმას, რომ მისთვის პრობლემის შემქმნელი იყოს სასამართლოში ნომინირებული - სალაძე 

15 მაი 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართავს, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გამჭვირვალე პროცედურით აირჩიოს. 

ზაზა თავაძეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც არის, უფლებამოსილების ვადა ეწურება და ახლა მისი ადგილმონაცვლე სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოსგან ითხოვენ, რომ კანდიდატის ვინაობა გარკვეული დროით ადრე გაასაჯაროოს და საზოგადოებას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საჯარო დისკუსია გაიმართოს ამ კანდიდატთან დაკავშირებით. 

საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდებს პროცესი ღიად ჩატარდეს. 

"კლანი არასდროს დაუშვებს იმას, რომ მისთვის პრობლემის შემქმნელი ადამიანი იყოს ნომინირებული. შეიძლება ეს პროცესი მოჩვენებითი გააკეთონ. არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ რეალურად ისე იზამენ, რომ მათთვის სასურველი და ერთგული კანდიდატი მოხდეს სასამართლოში. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ კლანს ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში მათი ერთგული იქნება. მოვუწოდებთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ვინც კანდიდატი უნდა დაასახელოს, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე", - აღნიშნა სულხან სალაძემ

კანდიდატის შერჩევის პროცესში ე.წ. სასამართლო კლანის მონაწილეობაზე საუბრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი გია გვილავა. გვილავა ფიქრობს, რომ კანდიდატის შერჩევა კვალიფიკაციის მიხედვით არ მოხდება.

"კვალიფიკაციის მოთხოვნები, როგორც წესი სავალდებულო უნდა იყოს საკონსტიტუციოსთვის,  ამ შემთხვევაში არ მოქმედებს. აქ საუბარია ვიწრო ინტერესებზე, რომლებიც არ ითვალისწინებს კვალიფიკაციის კომპონენტს. აქ საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ინტერესების შესაბამისად გაიყვანენ ადამიანს, რომელიც მოემსახურება ხელისუფლებას და კლანს", - ამბობს გვილავა. 


close დახურვა