logo
ENG



პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

15 მაი 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილება მისი პირადი სურვილიდან გამომდინარეობს და სხვისი თხოვნით, მოწოდების ან რეკომენდაციის საფუძველზე არავინ არ შეუწყალებია. 

„გადაწყვეტილება მივიღე გამოვცე გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში მინდა მივმართო, საზოგადოებას, ვინც ჩემს გადაწყვეტილებას მარტივად ვერ გაიგებს და შესაძლოა ვერც მაპატიოს. 

არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს. ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

ზვიადის და მერაბის შემდეგ და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრებით ციხეების გადავსების მაგივრად დღეს საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. 

პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია.

ამ თემით სპეკულირება, ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, რაც სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს.

არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე დამნაშავედ რჩება, ის სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან.

არავის არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით ან სხვა მიზეზით. ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. მითუმეტეს არ ვიწყალებ, ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა არ მიმიღია და არც ინფორმირებულები ვყოფილვართ. 

პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე „უნდა“-თი არავინ არ უნდა საუბრობდეს.

მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი, პირდაპირ თუ ირიბად განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამოც შესაძლოა ადამიანს საერთოდ შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს

მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპარლამენტარი დეპუტატები აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტი შეესრულებინა.

შეგახსნებთ 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლები აღკვეთა შეეფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს. 20 ივნისის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 13 აპრილს გამოიტანა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. პროკურატურა მას 20-21 ივნისის საქმეზე, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება


close დახურვა