logo
ENG



გადაუდებელი აუცილებლობა იყო - მოქალაქეების ნაწილს მარნეულიდან ბოლნისში გადაადგილების უფლებას აძლევენ

18 მაი 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში 54-დღიანი საკარანტინე შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა.  ქალაქში შესვლა და გასვლა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტში შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მოსახლეობის ინფორმირება და თერმოსკრინინგი აქტიურად გაგრძელდება. გარდა ამისა, ქალაქში კვლავ იმოქმედებს კომენდანტის საათი.

რაც შეეხება მარნეულიდან ბოლნისში მიმავალ გზას, იქ ბლოკ-პოსტი კვლავ განთავსებულია. ბოლნისის მიმართულებით ძირითადად სადისტრიბუციო ავტომანქანები გადაადგილდებიან, თუმცა ტერიტორიაზე უშვებენ რიგით მოქალაქეებსაც, რომლებსაც ტვირთი არ გადააქვთ. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ამ მოქალაქეებს ბოლნისისკენ გადაადგილების უფლება გადაუდებელი აუცილებლობის გამო მიეცათ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშილმაც გააკეთა.

„მარნეულთან მოსაზღვრე ბოლნისის სოფლებს, სადაც ეპიდემიოლოგიური ფაქტები დაავადების ფაქტები არ დაფიქსირებულა, გარკვეული საჭიროებები აქვთ. ეს არის დისტრიბუცია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ინდივიდუალურად განვიხილავთ ამ ყველაფერს და სადაც გადაუდებლად აუცილებელი იქნება, შემოვუშვებთ მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება მარნეულის შიდა ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გარკვეულ ადგილებში ხალხმრავლობა შეინიშნება, მათ შორის იუსტიციის სახლთან და ბანკებთან. ამასთან, მოქალაქეების უმრავლესობა სოციალურ დისტანციას არ იცავს და მათ ნაწილს არც პირბადე აქვს. შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება.

„დღეიდან მარნეული გაიხსნა. მოსახლეობას საშუალება ექნება, საქართველოს სხვა ქალაქებში შეფერხების გარეშე გადაადგილდნენ. ამასთან ერთად, მარნეულში გაგრძელდება ის საპრევენციო ღონისძიებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა მარნეულის მერმა.


close დახურვა