logo
ENG



ეს არის დიქტატორული კანონი - ოპოზიცია ოცნებას პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს

19 მაი 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

ახალი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეზღუდვების  გაგრძელებას გულისხმობს, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. კანონპროექტში, რომლის ავტორიც „ქართული ოცნების“ 6 დეპუტატია, წერია, რომ მოქალაქეებს  გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუზღუდავს.

კანონპროექტის განხილვას პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს. ცვლილებები ჯანდაცვის შესახებ კანონში საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე უნდა შევიდეს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ეპიდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მმართველი გუნდის მხრიდან წინასაარჩევნოდ კანონის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაკეტოს მუნიციპალიტეტები და აკრძალოს ადამიანების თავშეყრა და თავისუფალი აზრის გამოხატვა.

ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებად აფასებენ ახალ კანონპროექტს კონსტიტუციონალისტები. მათი თქმით, პროექტი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს შესაბამისად, ის საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, პროცესში პარლამენტის მონაწილეობა ფაქტობრივად გამოირიცხება. საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს გარეშე განსაზღვრავს და ადმიანის უფლებების შეზღუდვა დამატებითი კონტროლის და პროცედურის გარეშე მთავრობის კომპეტენცია გახდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს კრიტიკული  შეფასებები მოყვა, საფრთხეს ვერ ხედავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. პროცედურის თანახმად, პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. სავარაუდოდ, პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება.   


close დახურვა