logo
ENG



პარლამენტმა ხუნდაძის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

21 მაი 202019:28
3 წუთის საკითხავი
 
dez2948hwkp4m4z.jpg

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, პირველი მოსმენით მიიღო.

დოკუმენტს მხარი 80-მდა დეპუტატმა დაუჭირა, 3-მა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. კანონპროექტის მომხრეები მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები იყვნენ.

საკითხის განხილვა მთელი დღის განმავლობაში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას ჭარბი ძალაუფლება მიენიჭება, რაც შესაძლოა, საარჩევნო პერიოდში ბოროტად იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და ამასთან ერთად, პარლამენტის საქმიანობას აკნინებს. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა.

რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენილი პროექტით სრულიად გამორიცხულია  ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.

კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, ცვლილებების მიზანია არსებობდეს ისეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემს ბერკეტებს, დაავადებას სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს.

„კანონპროექტის მიღებით ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ ყველა ის აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. 


close დახურვა