"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დიღმის ჭალებში ტყის განადგურება და უკანონო კარიერების მუშაობა გააპროტესტეს.
საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, სარეკრეაციო სივრცეში სამშენებლო ნარჩენები ყოველდღიურად იყრება. ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს.
მისი განმარტებით, მერმა პირობა გასცა, რომ დიღომის ჭალების კეთილმოწყობა მოხდებოდა. რაც შეეხება კარიერების მუშაობას, საკრებულოს წევრის თქმით, აღნიშნულ უკანონო საქმიანობას ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი კახა კობიაშვილი ატარებს.
"ჯერ იყო და ბიძინა ივანიშვილმა გაუგონარი რამ გვაჩვენა - ხეს, როგორ დაატივტივებს ზღვაში. კალაძის ნოუ-ჰაუა ხე ქვაში. მათ შორის ახლა აქ ნაგვის მაგივრად, ტყე-პარკი უნდა იყოს. ეს არის დაცული ტერიტორია. ეს ადგილი არის დედაქალაქის ფილტვები. აქ იყო ტყე, აქ იყო ხეები და პირდაპირი მნიშვნელობით ტყე ნამალეს ქვებში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ისინი ტერიტორიაზე ყოველგვარი სამუშაოს შეჩერებას ითხოვენ.
"დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები მოსახლეობა მოვითხოვთ რომ შეჩერდეს ყველანაირი სამუშაოები ამ ტერიტორიაზე. კანონის ფარგლებში, რა ზონალური დაცვაც ეკუთვნის, ზუსტად მაგ ზონალური დაცვის ფარგლებში მოხდეს ყველაფერი. მოხდეს ამ ადგილის რეაბილიტაცია. სულაც არ გვინდა პარკი, გვირჩევნია, რომ იყოს ტყე", - განაცხადა ადგილობრივმა.