პანდემიისგან დაზარალებული ღამის კლუბების და ბარების მფლობელები მთავრობას პეტიციით მიმართავენ. სფერო, რომელიც 400 ობიექტს და ათასობით დასაქმებულს აერთიანებს, პანდემიის დროს სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩა, მათ ისიც არ იციან, როდის შეიძლება გაიხსნას არამარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით სავიზიტო ბარათად ქცეული კლუბები.
ფინანსური შეღავათებისა და რეგულაციების გეგმა მიმართვის ავტორებს შემუშავებული აქვთ. ღამის ეკონომიკის მინისტრი ბრალდებებს საპასუხო პრეტენზიებს უპირისპირებს. იმ შემთხვევაში, თუ დახურული ობიექტების გახსნა ვერ მოხერხდება, ალტერნატიული გეგმის ნაწილია გადარჩენის პარკი.
კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსის პრევენციის მიზნით კლუბის კარი დახურა. დღეს კი სხვა ბარებთან და კლუბებთან ერთად სფეროს გადარჩენის მიზნით დახმარებას ითხოვს. მთავარი კითხვაა - როდის შეძლებს საკლუბო და გასართობი სფერო ჩვეულ რეჟიმთან დაბრუნებას და თუ ეს შეუძლებელია, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს.
ბარებისა და კლუბების წარმომადგენლებს გადარჩენის საკუთარი გეგმა აქვთ. მათ პეტიცია შეიმუშავეს და საგანგებო ბრიფინგზე მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს - დადგინდეს დახურული ბარების კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი, გაიწეროს რეგულაციების დაცვით მუშაობის დირექტივები, დაწესდეს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის დღგ-ს კუთხით და გაიცეს კრედიტები, დაბალი პროცენტი. კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები თქმით, ორთვიანმა გაჩერებამ მათი ბიზნესი დააზარალა, ასობით ადამიანი კი უმუშევრად დატოვა.
დახურულ დაწესებულებებს ალტერნატიული გეგმა აქვთ - გადარჩენის პარკი. ისინი სახელმწიფოსგან გარე სივრცეების დათმობას მოითხოვენ, სადაც დახურული ბარები ღია ვარიანტებს წარმოადგენენ და რეკომენდაციების დაცვით მუშაობის განახლებას შეძლებენ.
პრობლემების მოგვარების მიზნით დახურულმა დაწესებულებებმა ასოციაციაც შექმნეს და პეტიციებიც მოამზადეს. მოთხოვნის ტექსტები ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას ერთდროულად გაეგზავნა. ასოციაციის წევრების თქმით, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, მერიამ კი სფეროს კვლევა და გეგმა ისე მოამზადა, რომ არც ერთ მათგანთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ასოციაციაში გაწევრიანებული 100-მდე ბიზნესსუბიექტი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართვას მოითხოვს.
კლუბებისა და ბარების მოთხოვნების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი სერგი გვარჯალაძე კრიტიკას არ იზიარებს. მისი მტკიცებით, ღამის სექტორზე პანდემიის გავლენის კვლევისთვის კითხვარი 300-მდე მეილზე გააგზავნა. მონაწილეობა მხოლოდ 74-მა ბიზნეს სუბიექტმა მიიღო. ზუსტი პასუხები კი, როდის შეძლებს ღამის ეკონომიკა მუშაობის განახლებას ან რა გეგმას ამუშავებენ მერიაში, გვარჯალაძეს არ აქვს. „ფორმულა“ ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
კორონავირუსის გამო შემოსავლის წყარო დაახლოებით 7 000-მდე ღამის ეკონომიკაში ჩართულმა ადამიანმა და 400-მდე ბიზნეს სუბიექტმა დაკარგა. დახურული სივრცეების გარდა, პრობლემა აქვთ ღია კაფეებსაც. მათ ამ დრომდე არ იციან ნამდვილად განაახლებენ თუ არა მუშაობას 8 ივნისიდან. შეზღუდვები კი, რომელსაც ეს სფერო უნდა დაემორჩილოს, ნახევარი დატვირთვით ამოქმედებას გულისხმობს, რაც ისედაც გაკოტრებული ბიზნესისთვის წამგებიანია.