logo
ENG



გიორგი ვაშაძე:რუსეთის წარმომადგენლებს არ უნდა მიეცეთ ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის საშუალება

28 მაი 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებაა აუცილებელი, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ლუგარის ლაბორატორიაში დამოუკიდებლად მარტო შესვლის საშუალება არ მიეცეთ. ლუგარის ლაბორატორიასთან კამპანიის გააქტიურებას ოპოზიცია რუსულ პროპაგანდას უკავშირებს.

„საქართველოს ხელისუფლება არ არის ამ თემის ერთადერეთი გადამწყვეტი. ამერიკელების დასტურის გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება და ეს სწორია. ბარემ რუსებმა საკუთარი კონტრდაზვერვა გამოგზავნონ და კარგად შეისწავლონ რა ხდება ამ ლაბორატორიაში. შესაძლოა პროპაგანდისტულად იმის გადასაფარადაც უნდათ, რომ რუსეთი მუდმივად მტრულ გარემოცვაშია“ - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ბერძენიშვილმა.

გაცილებით ხისტია ოპოზიციის სხვა ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ რუსეთის წარმომადგენლებს საერთოდ არ უნდა მიეცეთ ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის საშუალება, რადგან ოკუპანტ ქვეყანასთან ჩასაბარებელი ანგარიში საქართველოს არ აქვს და გარდა ამისა, არ ვიცით პროპაგანდისტული თუ სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს ამას რუსეთი.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ლუგარის ლაბორატორიაში, რუსეთის წარმომადგენლების შესვლას ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, თუ რუსეთს საქართველოსთან რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია საერთაშორისო მექანიზმები გამოიყენოს. 

„არსებობს საერთაშორისო მექანიზმები. თუ რამე პრეტენზია აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, წავიდეს და ეს მექანიზმები გამოიყენოს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ კარასინებისდა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებების გამო ლუგარის ლაბორატორიაში შევუშვათ. ოპოზიცია უნდა იყოს პრინციპული და არ უნდა მოერთხათ მაშინვე მუხლებზე, რომ ვაიმე ეხლა რა გვეშველება კარასინს თუ არ გავუღეთ კარები და არ შევუშვით ლუგარის ლაბორატორიაში",-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. რუსეთი ასევე ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.


close დახურვა