ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები სამართალდამცველებისგან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. 30 მოქალაქიდან, უმეტესობა 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. დაპატიმრებულებს შორის იყვნენ რიგითი გამვლელებიც.
მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ ძალადობს პოლიციელი აქციის მონაწილეზე, საქმის გამოძიებას ითხოვს ოპოზიცია.
დავით წულუკიძე ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულია, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს გადაიდო. აქციაზე, სადაც ორი სპორტსმენის მათ შორის წულუკიძის შვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ დაკავებული 30 პირიდან 26-ს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა, 2 პირს გაფრთხილება მისცეს, ხოლო 2-ის პროცესი გადაიდო.
აქციაზე, სადაც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, არასრულწლოვნებიც დააკავეს. დაკავებულები და მათი ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე საუბრობენ და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე საუბრობს პარტია „ნაციონალური მოძრაობაც“. გია ხალვაში ფიქრობს, რომ ვიდეო, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზე მიანიშნებს.
ორი სპორტსმენის, რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ აქციებს დაკავებულების გამოშვებამდე გააგრძელებენ.
გუშინ აჭარის მთავრობის წინ აქციის მონაწილეები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ისინი 7 მაისს ხულიგნობის მოტივით დაიჭირეს. ხმაურიანი აქციის შემდეგ,რომელიც პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, შსს-მ გაასაჯაროვა კადრები, სადაც მათი განმარტებით ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რიც საფუძველზეც დაახლოებით ერთი თვის წინ ორი სპორტსმენი დააკავეს.