logo
ENG



2 წლის წინ ოკუპანტებმა ტატუნაშვილი წამებით მოკლეს, დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან

22 თებ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 
4o5slxcv2znrac5.jpg

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული გმირის საფლავთან დღეს ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მკვლელობიდან 2 წლის თავზეც საოკუპაციო რეჟიმის ჩინოსნები ისევ დაუსჯელები არიან. ოჯახს კი იმედი არ აქვს, რომ ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ოდესმე აღსრულდება. 

ახალგორიდან ცხინვალისკენ გატაცებული არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე იმ სოფელში რომელშიც ტატუნაშვილების ოჯახი მშობლიური ოკუპირებული სოფლიდან 2008 წლის ომის შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად დღეს მისი სახელობის სკვერი გაიხსნა. არჩილ ტატუნაშვილის მშობლები ორი წელია შვილის გარეშე ცხოვრობენ და ამ დრომდე მკვლელების დასჯას ითხოვენ. 

სოფელ წილკანში, იქ, სადაც არჩილ ტატუნაშვილი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბოლო წლები ცხოვრობდა, დღეს მისი ახლობლები, თანასოფლელები და მთავრობის წევრები მივიდნენ. მათ საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის ხსოვნას პატივი მიაგეს. წილკანში ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც

არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერის გახსნის შემდეგ, ოჯახმა სამხედრო პატივით დაკრძალულ შვილს პატივი მუხათგვერდის სასაფლაოზე მიაგო. არჩილ ტატუნაშვილს საფლავთან დედამ მიმართა და უთხრა, რომ ყველაზე მძიმე მისთვის ისაა, რომ მისი შვილის მშობლიური ახალგორი ამ დრომდე ოკუპირებულია. 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. მათი შეფასებით, ეს ფაქტი  რუსული აგრესიის კიდევ ერთი დადასტურებაა. მათ ხელისუფლებაც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მთავრობას საოკუპაციო რეჟიმის ძალადობრივი ქმედებების აღმოსაფხვრელად, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული და ნაწამები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს წამებით მოკლეს. მაშინ ოკუპანტები ირწმუნებოდნენ თითქოს ქართველი სამხედრო არ უწამებიათ და ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ და სპეციალისტების დასკვნამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში სასტიკად აწამეს და 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის შური იძიეს. ოკუპანტებმა ტატუნაშვილის ნაწამები ცხედარი ოჯახს 26-დღიანი ტყვეობის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. 

 

 


close დახურვა