დღეიდან მუშაობის განახლების უფლება მიიღო ღია ტიპის კაფეებმა, თუმცა უმეტესობა კვლავ დაკეტილია. სექტორის წარმომადგენლების თქმით, პანდემიით გამოწვეული ზარალი იმდენად დიდია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ობიექტების დიდი ნაწილი ფუნქციონირების განახლებას ვერ შეძლებს და გაკოტრდება.
მათ კი ვინც მუშაობა განაახლეს, არ იციან გააგრძელებენ თუ არა მუშაობას ერთი კვირის შემდეგ. ობიექტების ერთ ნაწილში უკვე შეამცირეს თანამშრომლების რაოდენობა - არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესი შესაძლოა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს.
მარტო დედაქალაქში, მუშაობა შესაძლოა რამდენიმე ასეულმა კაფემ და რესტორანმა ვერ განაახლოს - ასეთია სასტუმროებისა და რესტორნების გაერთიანების წარმომადგენლების პროგნოზი. კერძო სექტორი ხელისუფლებას, 140 მილიონ დოლარით დახმარებას სთხოვს.
რა ფორმით დაეხმარება მთავრობა მთავრობა კერძო სექტორს ამ კვირაში გახდება ცნობილი. „ფორმულას“ ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა სფეროს წარმომადგენლებს ოთხშაბათს შეხვდება.
დღეიდან დიდი სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციები, ვალდებულნი არიან თერმოსკრინინგი ჩაუტარონ როგორც მომსახურე პერსონალს, ასევე მომხმარებელს. შენობაში აკრძალულია პირბადის გარეშე გადაადგილება - სავალდებულოა ზედაპირების, ორ საათში ერთხელ დამუშავება და მოქალქეთა 2 მეტრიანი დისტანცირების კონტროლი.
თერმოსკრინინგს ატარებენ მაღაზიებშიც. სავაჭრო ობიექტების უმეტესობამ გამოსაცვლელი ოთახების დახურვის გადაწყვეტილება არ მიიღო - თუმცა ტანსაცმელს, რომელსაც მომხმარებელი მოირგებს, მაგრამ არ შეიძენს, სარეალიზაციოდ 48 საათის განმავლობაში აღარ გამოიტანენ.
8 ივნისიდან იგეგმება დახურული ტიპის დაწესებულებების გახსნა, თუმცა რეგულაციების ნაწილი რომლებიც სასტუმროებსა და რესტორნებისთვის სავალდებულო შესასრულებელი იქნება, შესაძლოა შეიცვალოს. საუბარია რესტორნებში, მომხმარებელთა სავალდებულო პირბადის გამოყენებაზე. ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნებიან კინო თეატრები, გასართობი ცენტრები, სპორტული დარბაზები და ღამის კლუბები. მთავრობა ირწმუნება, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდდება, ყველა ტიპის შეზღუდვა ივლისის შუა რიცხვებამდე გაუქმდება.